ირანის დაზვერვის სამინისტრო ზეწოლას ახდენს ირანში ქალთა უფლებების დაცვის აქტივისტებზე, რომლებიც გილანის პროვინციაში დააკავეს. ხელისუფლებას სურს მათგან აღიარებითი ჩვენები მიიღოს, ყალბი საქმეები აღძრას მათ წინააღმდეგ და ამით აიძულოს ოპოზიციურად განწყობილი პირები, დადუმდნენ.
სექტემბრის ბოლოს აღინიშნება ახალგაზრდა ირანელი ქურთი ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილის წლისთავი. ამინი პოლიციამ დააკავა სავალდებულო თავსაფრის არასათანადოდ ტარების გამო, რასაც მისი სიკვდილი მოჰყვა საპატიმროში. მოახლოებულ წლისთავთან დაკავშირებით მთავრობა მოელის ანტისამთავრობო დემონსტრაციების ახალ ტალღას და სურს დაშინებით ხალხი დაადუმოს.
რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს აქტივისტებთან დაახლოებულმა პირებმა აცნობეს, რომ 12 აქტივისტი ქალის ყალბი ბრალდებებით დაკავებიდან ორი კვირის შემდეგ ცხადი გახდა, რომ მათ აიძულებენ, აღიარონ „გაყალბებული სცენარები,“ რათა ნიადაგი მოამზადონ „მკაცრი განაჩენისთვის.“ ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ზოგიერთი ქალზე ძლიერ ზეწოლას ახდენენ და „ფიზიკურ ძალადობას მიმართავენ დაკითხვისას.“
ამინის სიკვდილის შემდგომი საპროტესტო გამოსვლები მუსლიმანური სამოსის ტარების კანონის მკაცრი გატარების წინააღმდეგ დაიწყო და გადაიზარდა ირანის თეოკრატიული ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლებში, რომლებიც ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ ყველაზე ხანგრძლივ გამოსვლებად გადაიქცა. ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლების წაქეზებაში დასავლეთს ადანაშაულებს, დააკავეს ათასობით პირი.