Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვში სტიქიით დაზარალებულები ჯანდაცვის სამინისტროსგან ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ


შოვი სტიქიის შემდეგ.
შოვი სტიქიის შემდეგ.

საქართველოს მთავრობამ 30 აგვისტოს გამართულ სხდომაზე დაამტკიცა დადგენილების პროექტი, რომლის საფუძველზეც შოვში მომხდარი სტიქიით დაზარალებული პირები, ასევე, დაღუპულთა და დაკარგულთა ოჯახის წევრები, „მაღალკვალიფიციურ ფსიქოლოგიურ დახმარებას მიიღებენ".

როგორც მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში ვკითხულობთ, „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მათთვის შეთავაზებული მომსახურებები მოიცავს ფსიქოლოგის კონსულტაციას, ფსიქოთერაპიულ სეანსებს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის კონსულტაციას და მის მიერ დანიშნული მედიკამენტების ანაზღაურებას".

მთავრობის განცხადებით, სერვისს სახელმწიფო დააფინანსებს და ის ხელმისაწვდომია, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, შესაბამისი სერტიფიკატების მქონე ცენტრებსა და დაწესებულებებში.

შოვში, სტიქიის ზონაში, კვლავ ეძებენ ორ დაკარგულს. ნაპოვნია 31 ცხედარი. ბოლო ორი ცხედარი მაშველებმა 24 აგვისტოს იპოვეს. სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრში.

ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ სრულყოფილი ოფიციალური ინფორმაცია. ცნობები დაღუპულებსა და დაკარგულებზე, მათ ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება მხოლოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში.

XS
SM
MD
LG