Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვამ ვატიკანის წარმომადგენელი იხმო რუსეთის იმპერიის მემკვიდრეობის შესახებ პაპის ნათქვამის გამო


რომის პაპი ფრანცისკე ლიეტვაში სტუმრობისას. 23 სექტემბერი. 2018 წელი
რომის პაპი ფრანცისკე ლიეტვაში სტუმრობისას. 23 სექტემბერი. 2018 წელი

ლიეტუვამ, ევროკავშირში უდიდესი კათოლიკური უმრავლესობის მქონე ქვეყანამ, ვილნიუსში ვატიკანის მთავარი წარმომადგენელი დიპლომატი იხმო მას მერე, რაც რომის პაპმა, ფრანცისკემ რუსეთის ახალგაზრდებს მიმართა, უნდა გახსოვდეთ, რომ „დიადი რუსეთის იმპერიის“ შთამომავლობა ხართო.

სანქტ-პეტერბურგში შეკრებილი კათოლიკე ახალგაზრდობისადმი პაპის ვიდეომიმართვის საპასუხოდ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა პაპის ნუნციუსი ამ ქვეყანაში „სასაუბროდ“ არქიეპისკოპოსის შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, იტყობინება სამინისტროს პრეს-სამსახური.

ვატიკანმა 29 აგვისტოს განაცხადა, რომ პაპ ფრანცისკეს არ ჰქონდა განზრახული რუსეთის იმპერიალიზმი განედიდებინა თავის გამოსვლაში, როცა მან ქებით მოიხსენია პეტრე I და ეკატერინე II, რომლებმაც რუსეთის იმპერია გააფართოვეს.

ლიეტუვის და პოლონეთის ტერიტორიები რუსეთის იმპერიამ XVIII საუკუნეში შეიერთა ეკატერინე II-ის დროს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ეს ქვეყნები რუსეთს ჩამოშორდნენ.

მანამდე, XIX საუკუნეში რუსეთმა სასტიკად ჩაახშო იმპერიის წინააღმდეგ მოწყობილი ორი ამბოხება.

ვატიკანის თქმით, ფრანცისკეს სურდა „რუსეთის დიად კულტურულ და სულიერ მემკვიდრეობაში ყველაფერი დადებითი შენარჩუნებული და განვითარებული იქნეს“. უკრაინამ, რომელიც ასევე შედიოდა ამ იმპერიის შემადგენლობაში, განაცხადა, რომ ასეთი გამოთქმები იწვევს „ღრმა სინანულს“.

კრემლმა კათოლიკეთა მამამთავრის ნათქვამს „ძალიან სასიამოვნო უწოდა.

ლიეტუვა, რომელსაც 2,8 მილიონი მოსახლე ჰყავს ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე კათოლიკური ქვეყანაა, სადაც მოსახლეობის სამი მეოთხედი თავს კათოლიკედ თვლის, რუსეთის მგზნებარე ოპონენტი და უკრაინის მხარდამჭერია როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში.

XS
SM
MD
LG