Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ევროოპტიმისტების" კანონპროექტი რუსეთის მოქალაქეებზე მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების გაცემის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს


პარლამენტის წევრები: ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე
პარლამენტის წევრები: ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების" განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მოქალაქეები საქართველოში მასობრივად აფუძნებენ საწარმოებს და გარდა ბინებისა, იძენენ სხვა სახის უძრავ ქონებასაც, რაც შემდგომში ხდება ბინადრობის ნებართვის მიღების სამართლებრივი საფუძველი. „ევროოპტიმისტებმა" 29 აგვისტოს პარლამენტში დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც, მათი განცხადებით, სწორედ, ამ და სხვა სახის პრობლემების თავიდან აცილებას ემსახურება.

პოლიტიკური ჯგუფი განმარტავს, რომ ქართული კანონმდებლობა უცხოეთის მოქალაქეს ბინადრობის ნებართვას ანიჭებს 300 000 აშშ დოლარზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის ან არანაკლებ ამავე ოდენობის თანხის ქვეყანაში ინვესტიციის განხორციელების სანაცვლოდ. ამავდროულად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭება ხდება 100 000 აშშ დოლარის ოდენობაზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის გზითაც.

საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა უცხოეთის მოქალაქის მიმართ გაიცემა ხუთი წლის ვადით, ხოლო მოკლევადიანი - ერთი წლის ვადით. ორივე სახის ბინადრობის ნებართვა გულისხმობს საქართველოში მხოლოდ დროებითი ცხოვრების უფლებას, განსხვავებით უვადო ბინადრობისა და მუდმივი ცხოვრების ნებართვებისაგან.

„​ჩვენ ვაცხადებთ მორატოროუმს კანონის ამ მუხლებზე. მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირის ბევრმა სახელმწიფომ და მიგვაჩნია, რომ ეს აუცილებელია დღეს შექმნილ ვითარებაში, როცა ქვეყანაში რუსეთის ათეულ ათასობით მოქალაქე იძენს ყველა სახის უძრავ ქონებას და მუდმივად ცხოვრების უფლება მარტივდება", - აღნიშნა „ევროოპტიმისტების" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

ამავე პოლიტიკური ჯგუფის წევრი ხატია დეკანოიძე აქცენტს რუსული სპეცსამსახურების საქმიანობაზე აკეთებს.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვართ ინვესტიციების წინააღმდეგ, მაგრამ სახელმწიფო და ეროვნული ინტერესები არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, მაშინ, როცა რუსული სპეცსამსახურების ინფლიტრაცია საქართველოში ძალიან მაღალია და ქონების შესყიდვა შეიძლება კრემლმა აქტიურად გამოიყენოს. ამიტომ დროებითი მორატორიუმი არის კიდევ ერთი გამოსავალი. ხელისუფლება აპელირებს ხოლმე მოგონილ პოპულიზმზე, მაგრამ მსგავსი მორატორიუმი გადაწყვეტდა ბევრ პრობლემას,“ - თქვა დეკანოიძემ.

როგორც „ევროოპტიმისტები" აცხადებენ, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ უცხოეთის მოქალაქე 300 000 აშშ დოლარის ღირებულების მქონე უძრავი ნივთის საკუთრებაში ქონის საფუძველზე მიიღებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას, აღნიშნული ნებართვის მინიჭებიდან 5 წლის შემდგომ, კანონის თანახმად, ის მიიღებს უვადო ბინადრობის ნებართვას, თუ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის იყო აღნიშნული ქონების მეპატრონე. ამასთან, უვადო ბინადრობის ნებართვას მიიღებენ მათი ოჯახის წევრებიც.

2022 წელს საქართველოში რეალიზებული უძრავი ქონების თითქმის მეხუთედი უცხოეთის მოქალაქეებმა შეიძინეს, აქედან რუსეთის მოქალაქეებმა - 6062 ბინა. მყიდველთა რაოდენობა 4520 ადამიანს უტოლდება. 2023 წლის პირველ კვარტალში რუსეთის მოქალაქეებმა 2187 ბინა იყიდეს, სადაც მყიდველთა რაოდენობა შეადგენს 1679 ადამიანს.

XS
SM
MD
LG