მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ Conflict Intelligence Team-ის (CIT) დამფუძნებელ რუსლან ლევიევს და ჟურნალისტ მაიკლ ნაკის დაუსწრებლად მიუსაჯა 11-11 წლით თავისუფლების აღკვეთა რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. „ფეიკების“ გავრცელების მუხლით. ამის თაობაზე იტყობინება პროექტი „ოსტოროჟნო, ნოვოსტი“.
პროკურატურა თითოეულისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
სასამართლომ მათ ასევე ხუთი წლის განმავლობაში აუკრძალა ინტერნეტში მასალების გამოქვეყნება, იუწყება RTVI. ლევიევიც და ნაკიც ამჟამად რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფებიან.
ნაკისა და ლევიევის წინააღმდეგ გასული წლის მარტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე პირთა ჯგუფის მიერ რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების მუხლით.
სისხლის სამართლის საქმის მიზეზი გახდა ვიდეო, რომელშიც ნაკი და ლევიევი აანალიზებდნენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეცხრე დღის შედეგებს და საუბრობდნენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე. 2022 წლის მაისში მოსკოვის სასამართლომ ისინი დაუსწრებლად დააკავა და ძებნა გამოაცხადა მათზე.
2022 წლის 5 მარტს, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, ლევიევმა გამოაცხადა, რომ CIT-ის პროექტმა დახურა თავისი ოფისი მოსკოვში და მისმა თანამშრომლებმა სრული შემადგენლობით დატოვეს ქვეყანა, რათა შეძლონ გაგრძელონ მუშაობა და „დააფიქსირონ ომის მიმდინარეობა, რადგან მომავალში ეს აუცილებლად გამოადგება სასამართლოს“.
2023 წლის თებერვალში რუსეთის პროკურატურამ რუსლან ლევიევის წინააღმდეგ მეორე სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსეთის არმიის შესახებ ე.წ. „ფეიკების“ თაობაზე. საბაბი გახდა ლევიევის სიტყვები რუსი ჯარისკაცების მიერ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შესახებ, რაზეც მან YouTube-ის არხ „პოპულარნაია პოლიტიკაზე“ სტრიმინგის დროს ისაუბრა.
აგვისტოს დასაწყისში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ CIT არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა. გენერალური პროკურატურის დასკვნაში გამომძიებლებს უწოდებენ „ფსევდოჟურნალისტებს“, რომლებიც აგროვებენ ინფორმაციას რუსეთის არმიისა და სამხედროების შესახებ „მათი შემდგომი დისკრედიტაციისთვის“.
მაიკლ ნაკი და რუსლან ლევიევი რუსეთში უცხოეთის აგენტებად არიან გამოცხადებული.