Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვში სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა


საილუსტრაციო ფოტო: შოვი
საილუსტრაციო ფოტო: შოვი

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შოვში სამაშველო სამუშაოებში ჩართული მათი თანამშრომელი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა 50 წლის თემურ ხარჩილავა.

უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი იყო.

"2023 წლის 29 აგვისტოს სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა", - წერია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ჯგუფი სამხედროს დასახმარებლად შეტყობინების მიღებიდან 10 წუთში მივიდა და "თითქოს, სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალება დაგვიანებულ ან არასათანადო სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება, არ შეესაბამება სიმართლეს".

ტიქიის ზონაში 7 აგვისტოს სამაშველო საქმიანობაში ჩართული კიდევ ერთი ადამიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი მირიან ჭელიძე გარდაიცვალა. ის შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. 4 აგვისტოს სამძებრო და სამაშველო სამუშაოებში ჩაერთო ჯარი.

29 აგვისტოს მონაცემებით, ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი, ორს ამ დრომდე ეძებენ.

XS
SM
MD
LG