უკრაინაში ომის დროს დაღუპული 84 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დააბრუნეს, - ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამის საშუალებით დაკარგული პირთა მოძიების საკითხებში სახელმწიფოს რწმუნებულმა, ოლეჰ კოტენკომ გაავრცელა.
"მოხდა იმ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გადმოსვენება, რომლებმაც სიცოცხლე ანაცვალეს უკრაინას. დღეს ჩვენ მოვახერხეთ 84 დამცველის ცხედრების ნათესავებისათვის დაბრუნება. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება მოხდა ინტეგრაციის სამინისტროს, დაკარგულ პირთა მოძიების კომისარიატის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად", - წერს კოტენკო.
მისივე თქმით, გრძელდება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრების დაბრუნების პროცესი.
აგვისტოს დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია 44 დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცის ნეშტების უკრაინაში დაბრუნების შესახებ.
გაზაფხულზე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციი სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან კიევმა მოახერხა ომში დაღუპული დაახლოებით 1500 დაღუპული ჯარისკაცის ცხედრის დაბრუნება.
- უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან წლინახევრის განმავლობაში ომის ორივე მხარეს დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა 500 ათასს უახლოვდება. ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით New York Times-ი 18 აგვისტოს წერდა
- გაზეთის განმარტებით, საუბარია ბრძოლის ველზე დანაკარგებზე, მაგრამ ამ რიცხვში არ შედის რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლეობა.
- აშშ-ის ადმინისტრაციაში რუსული მხარის დანაკარგები შეფასებულია, როგორც უფრო მაღალი, მაგრამ ის ბევრად არ აღემატება უკრაინულისას. ანონიმი მოხელეები ირწმუნებიან, რომ ომში 120 ათასამდე რუსი სამხედრო დაიღუპა და დაახლოებით 170-180 ათასი დაიჭრა. უკრაინას, როგორც გაზეთი წერს, სავარაუდოდ, 70 ათასამდე დაღუპული და 120 ათასამდე დაჭრილი ჰყავს.
- რუსეთი და უკრაინა დანაკარგების შესახებ ინფორმაციას თითქმის არ იძლევიან. მოსკოვმა დაღუპულთა რიცხვი ოფიციალურად ბოლოს თითქმის ერთი წლის წინ გაამჟღავნა, კიევი კი დანაკარგებზე საერთოდ არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მონაცემები ომის შემდეგ გამჟღავნდება. ამავე დროს, ორივე მხარე აცხადებს, რომ მტერი დიდ დანაკარგებს განიცდის - უკრაინა ირწმუნება, რომ 250 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რუსეთის ოფიციალური პირები ყოველგვარი დადასტურების გარეშე აცხადებენ, რომ უკრაინის დანაკარგები მხოლოდ მიმდინარე ზაფხულის შეტევის დროს 8-ჯერ მეტია, ვიდრე რუსეთისა.