საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 28 აგვისტოს გამოაცხადა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ლაჩინის დერეფნის გარშემო შექმნილი ვითარების განხილვას სომხეთის და აზერბაიჯანის ლიდერებთან.
მაკრონმა პარიზში, კონფერენციაზე თავმოყრილ ელჩებს უთხრა, რომ მომავალ დღეებში აპირებს მოლაპარაკების გამართვას სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან.
"ჩვენ მოვითხოვთ ლაჩინის ჰუმანიტარული დერეფნის სრულ დაცვას და კვლავ წამოვიწყებთ საერთაშორისო დიპლომატიურ ინიციატივას, ამ საკითხზე ზეწოლის გაზრდის მიზნით" - თქვა მაკრონმა.
ლაჩინის დერეფანი წარმოადგენდა დამაკავშირებელ გზას მთიანი ყარაბაღის სეპარატისტულ რესპუბლიკასა და სომხეთს შორის, სანამ მას ბოლო ხანებში აზერბაიჯანი დაბლოკავდა.
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ყარაბაღის ტერიტორია აზერბაიჯანის ნაწილად ითვლება. რეგიონის მოსახლეობა ძირითადად ეთნიკური სომხებისგან შედგება. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ბაქო არ აკონტროლებდა რეგიონის დიდ ნაწილს. სომხური თემის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რომელიც არცერთმა ქვეყანამ, მათ შორის სომხეთმაც არ აღიარა.
2020 წლის შემოდგომაზე ხანმოკლე ომის შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა რუსეთის შუამავლობით მოაწერეს ხელი საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შეთანხმებას. ხელშეკრულების თანახმად, რომელმაც ერევანში ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია, ბაქომ დაიბრუნა კონტროლი ყარაბაღის ტერიტორიების მნიშვნელოვან ნაწილზე და აზერბაიჯანის მიმდებარე რეგიონებზე, რომლებიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიკავეს სომხურმა ჯარებმა. რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალები განლაგდნენ.