უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (ფსბ) ბრალდება წაუყენა ვლადივოსტოკში აშშ-ის საკონსულოს ყოფილ თანამშრომელს, რობერტ შონოვს, რომელიც ადრე დააკავეს უცხოეთის სახელმწიფოსთან კონფიდენციალური თანამშრომლობის ბრალდებით. ამის შესახებ ტასი იტყობინება ფსბ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრზე დაყრდნობით.
როგორც ფსბ ამტკიცებს, შონოვი „მოსკოვში აშშ-ის საელჩოს ინფორმატორის“ როლს ასრულებდა და ინფორმაციას აგროვებდა „სპეციალური სამხედრო ოპერაციისა“ (რუსეთის ხელისუფლება ასე უწოდებს უკრაინაში მიმდინარე ომს) და რუსეთის რეგიონებში მობილიზაციის შესახებ. ასევე აგროვებდა ინფორმაციას საპროტესტო განწყობებზე რუსეთში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში.
ფსბ აპირებს დაკითხოს მოსკოვში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლები, ჯეფრი სილინი და დევიდ ბერნსტაინი, რომლებიც, დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, დავალებებს აძლევდნენ შონოვს. რა სახის მონაცემები შეაგროვა შონოვმა და არის თუ არა ისინი საიდუმლო, ფსბ არ იუწყება.
დაკითხვისას შონოვმა თქვა, რომ საელჩოს მდივანმა, დევიდ ბერნსტაინმა, თითქოს დაავალა, მოეძებნა „ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მეწარმეები, რომლებიც აშშ-ისადმი ლოიალურები არიან და რომლებიც შემდგომში შეიძლება გამოყენებულ იყვნენ ინფორმაციის შესაგროვებლად“.
ვლადივოსტოკში აშშ-ის გენერალური პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, 62 წლის რობერტ შონოვი, 2023 წლის გაზაფხულზე დააკავეს.
პარალელურად სანქტ-პეტერბურგში დააკავეს დანიილ კრინარი, რომელიც უკრაინასთან თანამშრომლობაშია ეჭვმიტანილი. „მედიაზონა“ ვარაუდობს, რომ შონოვისა და კრინარის საქმეები ერთმანეთთან კავშირშია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო შონოვის დაკავება და ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. უწყების თანახმად, შონოვმა ვლადივოსტოკში 25 წელზე მეტ ხანს იმუშავა, 2021 წელს საკონსულოს დახურვის შემდეგ კი მუშაობდა კომპანიაში, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება მოსკოვში აშშ-ის საელჩოს მომსახურების თაობაზე. დაპატიმრების მომენტისთვის შონოვის ამოცანა იყო რუსეთის საჯაროდ ხელმისაწვდომი მედიასაშუალებებიდან მასალების შეგროვება, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
შონოვს 3-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.