თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციის პარკმა კიდევ ერთი განახლებული სუ-25 მიიღო, რომელსაც კაპიტალური რემონტი „თბილიავიამშენის“ ბაზაზე ჩაუტარდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე, სატესტო ფრენაში, წყვილში, მონაწილეობა მიიღო თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ.
„ჩატარდა საგამოცდო ფრენა შენიშვნების გარეშე“, - აცხადებს საფრენი აპარატების ხარისხის კონტროლის ჯგუფის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ზურაბ ხაბეიშვილი. ოფიციალური ინფორმაციით, ახლად შეკეთებული თვითმფრინავი უკვე რიგით მეშვიდეა
„სსსტც „დელტასა“ და სს "თამ" თბილავიამშენის" ერთობლივი ძალისხმევით, ქართველი სპეციალისტების მიერ შესრულებული სამუშაოების შედეგად, უკვე გაიმართა 7 ერთეული სუ-25-ის ტიპის თვითმფრინავი. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 3 ერთეული L-39 ტიპის სასწავლო-საბრძოლო საფრენი აპარატების რემონტზე“, - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.
ოფიციალური ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს მფრინავების და ტექნიკური პერსონალის გადამზადების პროცესი, კვალიფიკაციისა და სპეციალობების შესაბამისად.
მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე იმყოფებოდნენ ასევე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი პოლკოვნიკი სერგო ნინუა.
სუ-25-ის ტიპის პირველი განახლებული და მოდერნიზებული თვითმფრინავის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ თავდაცვის სამინისტრო 2021 წლის მარტში იუწყებოდა. ამ ფაქტს ისტორიული უწოდა ზურაბ აზარაშვილმა, თავდაცვის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, რომელიც ამჟამად ჯანდაცვის მინისტრის პოსტზეა. მანამდე, აზარაშვილი "დელტას" და "თბილავიამშენის" გენერალური დირექტორი იყო.
ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსა და სააქციო საზოგადოება „თამ“ თბილავიამშენს შორის ხელშეკრულება 2020 წლის ივლისში გაფორმდა, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების ბალანსზე არსებული სუ-25 ტიპის თვითმფრინავების მოდერნიზაციასა და კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებს.