Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა აცხადებს, რომ ბელარუსის გარეთ პრიგოჟინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ უკისრია


ალიაქსანდრ ლუკაშენკა. მინსკი. 6 ივლისი. 2023 წელი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა. მინსკი. 6 ივლისი. 2023 წელი
ბელარუსის ავტორიტარულმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ პირველად ილაპარაკა დაქირავებულ მეომართა კერძო შენაერთის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის სავარაუდო სიკვდილის შესახებ.
მან განაცხადა, რომ პრიგოჟინისთვის არ მიუცია უსაფრთხოების გარანტიები ბელარუსის ტერიტორიის გარეთ. მან ასევე თქვა, რომ გააფრთხილა პრიგოჟინი, რომ „ვაგნერის“ აჯანყების შემდეგ 2023 წლის ივნისში, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. ლუკაშენკომ ასევე განაცხადა, რომ არ ფიქრობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეიძლება იყოს დაკავშირებული პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან. „ვიცნობ პუტინს. ის არის პრაგმატული, ძალიან მშვიდი და შეიძლება, ნელიც კი, როცა იღებს გადაწყვეტილებებს სხვა, ნაკლებად რთულ საკითხებზე. ამიტომ, ვერ წარმომიდგენია, რომ პუტინმა გააკეთა ეს, რომ პუტინი დამნაშავეა. ძალიან ტლანქი, არაპროფესიონალური ნამუშევარია“, - თქვა ლუკაშენკამ.
ბელარუსში „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლების მომავალი ბედის შესახებ ჟურნალისტების კითხვებზე ლუკაშენკომ თქვა, რომ რაზმის „ბირთვი“ - დაახლოებით 10 000 ადამიანი - ქვეყანაში დარჩება. „სანამ ჩვენ და ამ ქვედანაყოფს გვჭირდება, ისინი ჩვენთან ერთად იცხოვრებენ და იმუშავებენ“, - დააზუსტა მან.
წელს ივნისში, როცა პრიგოჟინის მეთაურობით „ვაგნერმა“ წარუმატებელი ამბოხება მოაწყო, ლუკაშენკამ იშუამავლა მასსა და პუტინს შორის, რის შემდეგაც ამბოხება შეწყდა, რაზმმა მოსკოვისკენ სვლა შეწყვიტა და შემდგომ ბელარუსში დაბანაკდა.
„ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის პირადი თვითმფრინავი რუსეთის ტვერის რეგიონში 23 აგვისტოს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი 10-ვე ადამიანი დაიღუპა. მგზავრთა სიაში შედიოდა პრიგოჟინი, ისევე როგორც „ვაგნერში“ მისი „მარჯვენა ხელი“ დმიტრი უტკინი. ცხედრების იდენტიფიკაციის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.
XS
SM
MD
LG