Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის მედია: „ჩრდილოეთის ნაკადი“ შეეძლოთ უკრაინელ დივერსანტებს აეფეთქებინათ


ბალტიის ზღვაში გამავალი „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენების დაზიანება უკრაინელ დივერსანტებს შეეძლოთ. ამის შესახებ ნათქვამია გერმანული ჟურნალის „შპიგელისა“ და გერმანიის მაუწყებლის, „ცეტ-დე-ეფის“, ერთობლივ გამოკვლევაში.

ჟურნალისტები თვლიან, რომ დივერსია განახორციელა მყვინთავების და ასაფეთქებელი ნივთიერებების სპეციალისტების ჯგუფმა იახტა „ანდრომედადან“, რომელიც მათ შუამავლების მეშვეობით დაიქირავეს გერმანული კომპანია Mola Yachting-ისგან.

გამოძიებამ მასზე, ისევე როგორც აფეთქების ადგილზე, აღმოაჩინა ოქტოგენის (HMX), ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი.

გამომძიებლები ასევე მიუთითებენ 2022 წლის ზაფხულში გერმანიის, ნიდერლანდის დაზვერვის სამსახურებსა და აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს (CIA) შორის საიდუმლო მიმოწერაზე, რომელიც მათ ხელში ჩაუვარდათ.

ის შეიცავს გაფრთხილებას უკრაინის მიერ მომზადებული დივერსიის შესახებ და ნათქვამია, რომ ოპერაციას უშუალოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი მეთაურობს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამის შესახებ არ იცის.

„შპიგელი“ ამტკიცებს, რომ გერმანიის ხელისუფლებამ გაფრთხილებას სათანადო ყურადღება არ მიაქცია.

ჟურნალისტებმა და პოლიციამ შეძლეს სავარაუდო დივერსიული ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ვინაობის დადგენა. ეს არის უკრაინის 93-ე მექანიზებული შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე ვალერი კ. ქალაქ დნეპროპეტროვსკიდან. მისი დნმ-ის კვალი აღმოაჩინეს „ანდრომედაზე“.

გამოძიების ავტორებს არ შეუძლიათ იმის თქმა, მოქმედებდა თუ არა ჯგუფი კიევის ბრძანებით და ვინ გასცა ამ შემთხვევაში ბრძანება, თუ ჯგუფმა თვითონ დაგეგმა დივერსია.

2022 წლის სექტემბრის ბოლოს „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენების ოთხი მილიდან სამი დაზიანდა. ისინი აღდგენას არ ექვემდებარება. შვედეთის, დანიისა და გერმანიის გამოძიებებმა აჩვენა, რომ გაზსადენები ააფეთქეს, მაგრამ დამნაშავეების ვინაობა ჯერ კიდევ დგინდება.

რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მილსადენის დაზიანებით აშშ და მისი მოკავშირეები იყვნენ დაინტერესებული.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უარყოფს კიევის მონაწილეობას „ჩრდილოეთის ნაკადების“ აფეთქებებში.

XS
SM
MD
LG