Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლომ 4 ექსპერტი დაკითხა


ლაზარე გრიგორიადისი 25 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე
ლაზარე გრიგორიადისი 25 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7-9 მარტის აქციების საქმეზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმის განხილვის ფარგლებში, 25 აგვისტოს 4 ექსპერტი დაიკითხა. ოთხივე შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტური დეპარტამენტის თანამშრომელია.

დაკითხული ექსპერტებიდან ორს შესასწავლი ჰქონდა დაზიანებები ლაზარე გრიგორიადისის და სპეცრაზმელის ტანსაცმელზე, დანარჩენ ორს კი - დაზიანებები საპატრულო პოლიციის ბალანსზე არსებულ და აქციებისას დამწვარ ავტომობილზე. ექსპერტიზის საგანი იყო იმის დადგენაც, იყო თუ არა სპეცრაზმელის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი.

სასამართლო პროცესი, რომელიც 20 წუთის დაგვიანებით დაიწყო, ჯამში, საათზე ნაკლებ დროში დასრულდა. პირველი მოწმის გამოკითხვა 6 წუთს გაგრძელდა, მეორის - 3 წუთში დასრულდა, მესამე მოწმეს სასამართლოსთვის ჩვენების მისაცემად 4 წუთი და 20 წამი დასჭირდა, მეოთხე კი 12 წუთის განმავლობაში იკითხებოდა.

25 აგვისტოს სხდომაზე სასამართლომ ასევე იმსჯელა ლაზარე გრიგორიადისისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე. დაცვის მხარე ითხოვდა წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლას, პროკურატურა კი მიიჩნევდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი წინასწარ პატიმრობაში უნდა დარჩეს. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, გრიგორიადისი წინასწარ პატიმრობაში დატოვეს.

რა უთხრეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა სასამართლოს?

  • ქიმიურმა ექსპერტმა მაკა ფიცხელაურმა, რომელსაც სპეცრაზმელ ზურაბ ლურსმანაშვილის ტანსაცმლის ექსპერტიზა აქვს ჩატარებული, სასამართლოს უთხრა, რომ შავი ფერის შარვალს, ჟილეტს და მაისურს, რომლებიც მას დალუქულ მდგომარეობაში გადაეცა, გახსნისთანავე ბენზინპროდუქტების "საშინელი სუნი ჰქონდა" და "ვიზუალურად დაზიანებებიც ეტყობოდა." ექსპერტის თქმით, ქიმიურმა ექსპერტიზამ ამ სამოსზე ნავთობპროდუქტების კვალის არსებობა დაადასტურა.
  • ექსპერტმა ირაკლი სადრაძემ, რომელსაც ავტომობილის დაზიანებების წარმომავლობა უნდა დაედგინა, სასამართლოს უთხრა, რომ "ტოიოტა კოროლა", რომელიც სრულად იყო დამწვარი, ისე იყო დაზიანებული, რომ ვერ მოხერხდა დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენა.
  • ექსპერტმა ლაშა სულამანიძემ, რომელმაც 3 ექსპერტიზა ჩაატარა ტანსაცმელზე დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დასადგენად, განმარტა, რომ შეისწავლა პოლიციელების, გიორგი ჭოველიძის და ზურაბ ლურსმანაშვილის და ასევე ლაზარე გრიგორიადისის სამოსი. ექსპერტის თქმით, გიორგი ჭოველიძის ტანსაცმელს ბუნებრივი ცვეთის გარდა, სხვა დაზიანებები არ აღენიშნებოდა; ლაზარე გრიგორიადისის ტანსაცმლიდან მხოლოდ ქურთუკს ჰქონდა ამოძენძილი ძაფები, რაც შეიძლება რაიმე ნივთთან წამოდების შედეგი ყოფილიყო; ზურაბ ლურსმანაშვილის სამოსიდან კი დაზიანებული იყო ჟილეტი და მაისური. კერძოდ, ჟილეტი იღლიასთან იყო გახეული, მაისურს კი მყარი საგნით მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა.
  • ექსპერტმა ვლადიმერ ბენიძემ, რომელიც ავტომობილების დაზიანებებს იკვლევდა, თქვა, რომ "ტოიოტა კოროლა" ხანძრის შედეგად იყო დაზიანებული, ხანძარი კი ღია ცეცხლის წყარომ გამოიწვია.

ლაზარე გრიგორიადისის მომდევნო სასამართლო სხდომა 22 სექტემბერს, 16:00 საათზე, დაინიშნა.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის მიღების საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს.

სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მას 31 მარტს შეუფარდა.

3 აპრილს, როცა 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო განხილვა ჯერ დაწყებულიც კი არ იყო, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულია 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელზე თავდამსხმელი.

"რამდენიმე დღის წინ პოლიციამ დააკავა პოლიციაზე თავდამსხმელი - გახსოვთ, ყველამ ნახა კადრები, ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას "მოლოტოვის კოქტეილი". ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა", - თქვა მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა.

XS
SM
MD
LG