გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა 13-პუნქტიანი წერილით უპასუხა ზემდგომი უწყების - კულტურის სამინისტროს - ჩატარებულ აუდიტის დასკვნას. დასკვნის მიხედვით, უწყება მრავალი წელია იმართება "მრავლობითი კანონდარღვევების ფონზე", მმართველობის მხრივ კი "სისტემური პრობლემები" აქვს.
ცენტრი განმარტავს:
- მცდარია სამინისტროს მიერ გაჟღერებული პოზიცია, რომ სამეცნიერო საბჭოში უნდა ყოფილიყო 26 წევრი: "გაუგებარია რატომ უნდა ჰყოლოდა 2015-2019 წლებში ცენტრის საბჭოს მაინცდამაინც 26 წევრი. ასეთი ზუსტი რიცხვი კანონში არ წერია. თუ იგულისხმება მთავარი მეცნიერ-თანამშრომლების რაოდენობა, აღნიშნული წლებისთვის ეს რიცხვი არაზუსტია";
- მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა საბჭომ არასრული კვორუმით მიიღო დადგენილება, რომელიც ეხებოდა თანამშრომლის გადაყვანას ნახევარი საშტატო განაკვეთიდან სრულზე;
- "ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭო არ საქმიანობს „არაერთი მეცნიერის გვერდის ავლით“. ცენტრში 50-ზე მეტი მეცნიერი მუშაობს და საბჭოს წევრი, ცხადია, ყველა ვერ იქნება";
- მათ შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციით შეეძლოთ, არ ჩაეტარებინათ ბაზრის მოკვლევა, თუ საკითხი შეეხებოდა 5000 ლარზე ნაკლების საფასურის მომსახურებას;
- ტენდერი არ გამოცხადდა მხოლოდ სამ შემთხვევაში - როცა საქონლის შესაძენი თანხის ოდენობა წინასწარ იყო ბიუჯეტით განსაზღვრული;
- ცენტრისთვის მისაღებია მხოლოდ ერთი შენიშვნა, რომელიც შეეხება ტენდერში იმ კომპანიის გამარჯვებას, რომელმაც სატენდერო დოკუმენტები სრულყოფილად არ წარადგინა - "მადლიერებით ვიღებთ და აუცილებლად გავითვალისწინებთ. თუმცა, ვფიქრობთ, „კანონის დარღვევით განკარგა სახელმწიფო სახსრები“ ამ შემთხვევისთვის გადამეტებული ნათქვამია, მით უმეტეს, რომ ტენდერში გამარჯვებულმა პირმა კარგად შეასრულა დაკისრებული სამუშაო და მასთან პრეტენზიები არ ყოფილა";
- უპასუხოდ დარჩა ბრალდება ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, რადგან "სამინისტროს განცხადებაში არ არის მითითებული კონკრეტული ფინანსური დარღვევები და ჩვენთვის ძნელია დადგენა, თუ რა იგულისხმეს ამ პუნქტში";
- ტაო-კლარჯეთის საზაფხულო სკოლა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით და მაქს პლანკის ინსტიტუტის თანადაფინანსებით ჩატარდა - არსებობს დირექტორის ბრძანება პროექტის ხარჯვით ნაწილზე - "ყველა სტუმარი, რომელმაც სასტუმროთი ისარგებლა, დგინდება შესაბამისი ოფიციალური მიწერ-მოწერით. კვებას რაც შეეხება, არცერთი ნორმატიული აქტი არ მოითხოვს სადილზე მყოფი ყოველი სტუმრის ცალ-ცალკე იდენტიფიცირებას";
- "ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის საგრანტო პროექტების თანხებით შეძენილი ფოტო და კომპიუტერული ტექნიკა არის ცენტრის საბალანსო აღრიცხვაზე. ტექნიკის ნაწილი გადაცემულია თანამშრომლებისათვის დროებით სარგებლობაში, რაც, ცხადია, არ ნიშნავს საკუთრებაში გადაცემას... ფოტო და კომპიუტერულ ტექნიკას ცენტრის თანამშრომლები მოიხმარენ არა „პირადი მიზნებისათვის“, არამედ შესაბამისი სამეცნიერო გეგმებით გათვალისწინებული პროფესიული საქმიანობისათვის";
- "ამ დროისათვის გაკეთებულია წიგნების დაახლოებით 55%-ის ელექტრონული ბარათი. სამწუხაროდ, მწირი დაფინანსებისა და ადამიანური რესურსების ნაკლებობის პირობებში, პროცესი ისე სწრაფად ვერ მიდის, როგორც გვინდა";
- "ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო მუშაობის ანგარიშები ყოველწლიურად წარედგინება როგორც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ისე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას და ყოველთვის უმაღლეს შეფასებას იღებს";
- "კარგი იქნებოდა სამინისტროს ეზრუნა ჩუბინაშვილის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, რათა ცენტრი მუდმივად არ იყოს დამოკიდებული გარე დაფინანსების მოძიებაზე და საკუთარი საბიუჯეტო სახსრებითაც ახერხებდეს თუნდაც სამეცნიერო ექსპედიციებისა და მივლინებების ორგანიზებას".
კულტურის სამინისტრო ირწმუნება, რომ ჩუბინაშვილის კვლევით ცენტრში მიმდინარე წლის თებერვალ-აპრილში ჩატარებული აუდიტი აჩვენებს, რომ ცენტრი მრავალი წელია, იმართება "მრავლობითი კანონდარღვევების ფონზე", მმართველობის მხრივ "სისტემური პრობლემები" აქვს და საჭიროდ მიიჩნევს, რომ ეს ინფორმაცია გასაჯაროვდეს.
ინფორმაციის გასაჯაროების მიზეზად კი სამინისტრომ მოიყვანა 2023 წლის მაისში ჩუბინაშვილის ცენტრის მიერ გავრცელებული განცხადებები, რომელთა თანახმადაც, კვლევითი ცენტრი მინისტრს, თეა წულუკიანს, დისკრიმინაციულ მიდგომასა და შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებდა და სასამართლოში საჩივარიც შეიტანა სამინისტროს წინააღმდეგ.