Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალურმა მოძრაობამ" თბილისის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა


"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლილე ხმალაძე "ქართული ოცნების" წარმომადგენელს პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ფოტოს აწვდის.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლილე ხმალაძე "ქართული ოცნების" წარმომადგენელს პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ფოტოს აწვდის.

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს თბილისის საკრებულოს სხდომა, რომელზეც განიხილება დედაქალაქში ცათამბჯენების მშენებლობის საკითხი. "ნაციონალური მოძრაობა" ამ საკრებულოში ოპოზიციიდან ყველაზე დიდი შემადგენლობითაა წარმოდგენილი. რადიო თავისუფლებას ფრაქციის წევრმა ანა გოგოლაძემ უთხრა, რომ სხდომა დატოვა დარბაზში მყოფმა 9-ვე დეპუტატმა.

"დღევანდელი სხდომა იყო არაგონივრული, მტკნარი ტყუილებით გაჯერებული. "ქართული ოცნება" აპირებს, რომ პარტიული დავალება შეასრულოს და არა თბილისის ინტერესების სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება. დღეს უპირობოდ აპირებენ ამ პროექტებისთვის მწვანე შუქის ანთებას. ამ მოჩვენებით პროცესში მონაწილეობა იყო ჩვენთვის მიუღებელი", - ამბობს ანა გოგოლაძე.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა, საკითხის განხილვაში ჩართულიყვნენ დარგის სპეციალისტები:

"[კომისიის სხდომაზე გუშინ] 7-8 საათი ვმუშაობდით საკითხებზე იმის გამო, რომ იყო კრიტიკული. ამის მიუხედავად, არცერთ პროექტზე თურმე დაინტერესებულ პირებს და ჩართულ მხარეებს არ გამოუთქვამთ ისეთი ვალიდური არგუმენტები, რაც "ქართული ოცნებისთვის" იქნებოდა მისაღები - საკითხის განხილვა გადაედო და ექსპერტთა და დარგის სპეციალისტთა ჩართულობით გადაწყვეტილიყო ამ პროექტების ბედი".

საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მოქალაქეები შერჩევითად შეუშვეს. ამის მიზეზად საკრებულოს თავმჯდომარემ დაასახელა მათი გამოხატვის ფორმები.

"[გუშინ] იყვნენ ადამიანები, დააფიქსირეს კონსტრუქციულად საკუთარი პროტესტი და უკმაყოფილება პროექტებთან დაკავშირებით. მაგრამ ამავდროულად იყვნენ ადამიანები, რომლებმაც უცენზურო სიტყვებით დააფიქსირეს თავის მოსაზრებები...

დღესაც ესწრებიან აქ ადამიანები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი და არავის პრობლემა არ შეჰქმნია, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, ვინც გამოირჩევა ამგვარი ქმედებებით. მიკვირს თქვენი, რომ ასეთ კითხვას სვამთ და არ იცით, რატომ არ ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საკრებულოს სხდომაზე", - თქვა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.

დღეს, 25 აგვისტოს, თბილისის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა იმართება. სხდომის დღის წესრიგში 81 საკითხია. მათგან მინიმუმ სამი ეხება დედაქალაქში ცათამბჯენების მშენებლობას.

რადიო თავისუფლების მიერ მოძიებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ამ პროექტების განმახორციელებლებს კავშირი აქვთ მმართველ პარტიასთან, რომლის წევრიც არის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

XS
SM
MD
LG