აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, რომელსაც დიპლომატიური მისია ეწურება, სასტუმრო შერატონში ქართულ მედიასთან გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გამართა. შეკითხვაზე პასუხად, გასჩენია თუ არა მას ელჩობის პერიოდში განცდა, რომ საქართველოში არაფორმალური მმართველობაა და მიიჩნევს თუ არა არაფორმალურ მმართველად საქართველოს ყოფილ პრემიერს, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ნებისმიერ საზოგადოებასა და ბევრ დემოკრატიაში არსებობენ სხვადასხვა გავლენის მქონე ადამიანები, თუმცა ამ გავლენების წინააღმდეგ საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო და სასამართლო სისტემის არსებობა.
„ნებისმიერ საზოგადოებასა და ბევრ დემოკრატიაში არსებობენ სხვადასხვა გავლენის მქონე ადამიანები. ეს ნორმალურია, ჩვეულებრივია, როდესაც არსებობენ ბიზნესები, განსაკუთრებული ინტერესის მქონე ჯგუფები... ვხედავთ ასეთ გავლენას კანონმდებლობაზე, გატარებულ პოლიტიკაზე, ეს გარდაუვალია. ჩვენ ვცდილობთ, ვიმუშაოთ საქართველოსთან და იმედი მაქვს, წარმატებაც გვქონდა. ისეთი კანონმდებლობის მიღება, რომელიც გამორიცხავს გაუმართლებელ გავლენას, ეს გახლავთ ის საკითხი, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. ჩვენ ამერიკაშიც გვქონდა და გავუმკლავდით ამას ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის მიღებით. ყველა ქვეყანა პოულობს თავის გზას. ამიტომაც საშიშიც კია სხვა ქვეყნის კანონის კოპირება და საკუთარ კანონად ქცევა. თითოეულ ქვეყანას ძალიან კონკრეტული, სპეციფიკური სიტუაცია აქვს. თუმცა საუბარია ფუნდამენტურად გაუმართლებელი გავლენის მოხსნაზე პოლიტიკაზე, გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც ეკონომიკის სფეროში იღებენ, უცხოელი და ქართველი ინვესტორებისთვის თანაბარი სათამაშო ველი რომ იყოს, რათა ყველამ იცოდეს, რომ შემოდის გამჭვირვალე, სამართლიან სისტემაში, რომელიც ყველას თანაბარ პირობებს უქმნის. ეს მოითხოვს აგრეთვე დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასაც. როდესაც ბიზნესებს შორის წარმოიშობა დავა, არჩევნების შემდეგ იქნება საჩივრები, ნებისმიერი სხვა დავა, ადამიანები დარწმუნდნენ, რომ ეს მოგვარდება მიუკერძოებელი და გამჭვირვალე ფორმით“, - განაცხადა კელი დეგნანმა, რომლის სიტყვებითაც, ამერიკის შეერთებული შტატებიცა და ევროკავშირიც ამიტომ აკეთებენ აქცენტს სასამართლო რეფორმის გატარებაზე. „ვხედავთ, რომ მას ცენტრალური როლი აქვს“, - ამბობს კელი დეგნანი.
მისი განმარტებით, ათი წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის რეფორმირების გზაზე მიღწეულია პროგრესი და აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სასამართლოს ეფექტურობის, გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.
- ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში 2011 წელს მოვიდა, დააფუძნა ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნება“. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ის მთავრობის მეთაური გახდა. 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის გამარჯვების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობა დატოვა, გადადგა პარტიის თავმჯდომარეობიდანაც და ოფიციალურად უარი თქვა პოლიტიკაში მონაწილეობაზე.
- 2018 წლის 11 მაისს ივანიშვილი ხელახლა აირჩიეს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ. მისი განმარტებით, პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება რთული იყო და არ შედიოდა მის გეგმებში. გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად ივანიშვილმა საქართველო, ქართველი ხალხი, მისი კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი დაასახელა.
- 2021 წლის 11 იანვარს ივანიშვილმა განაცხადა, რომ თავისი მისია შესრულებულია და პოლიტიკიდან საბოლოოდ მიდის.
- ამის შემდეგ ივანიშვილს პოლიტიკური განცხადება არ გაუკეთებია. ბევრს მიაჩნია, რომ ის ქვეყნის მართვას კულისებიდან განაგრძობს.