ესტონეთის ეროვნული სამაუწყებლო კომპანიის (ERR ) ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს გამოძიება, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ კაია კალასის ქმარი არვი ჰალიკა რუსეთისთვის ტვირთების მიწოდებით შოულობს ფულს.
მედიის ცნობით, არვი ჰალიკა ფლობს წილს სატრანსპორტო კომპანია Stark Logistics-ში, რომელიც თანამშრომლობს რუსეთთან, ხოლო კაია კალასი ფინანსურ დახმარებას უწევდა ქმრის ფირმას.
ხუთშაბათს ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა პრემიერ-მინისტრისგან ახსნა-განმარტება მოითხოვა. "ამის თქმა ცოტა სამწუხაროა, რადგან ჩვენ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ, მაგრამ საზოგადოება პრემიერ-მინისტრისგან სიტუაციაში გარკვევას ელოდება", - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.
კაია კალასი ERR-ის ჟურნალისტების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე ჯერჯერობით მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ მას სახელმწიფო თანამდებობა უკავია, არ აქვს ბიზნესი კომპანია Stark Logistics-ში და რომ ყველა შეკითხვით თავად კომპანიას უნდა მიმართონ.
- რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან ესტონეთი გახდა ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. ქვეყნის ხელისუფლება უკრაინელებს როგორც ფინანსურად, ასევე იარაღის მიწოდებით ეხმარება, ხოლო ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა რუსებისთვის ევროკავშირის ვიზების გაცემის შეწყვეტა მოითხოვა.