დღეს, 24 აგვისტოს, თბილისის ქუჩებში მსვლელობით აღინიშნა უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. აქცია ჭავჭავაძის გამზირზე დაიწყო და რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, დასრულდა.
მსვლელობის მონაწილეთა ძირითად ნაწილს უკრაინის მოქალაქეები შეადგენდნენ. ქალაქის ქუჩებში ისმოდა უკრაინის ჰიმნი, მონაწილეებს კი ხელში ეჭირათ სიმბოლურად შეკერილი, 32 მეტრის სიგრძის დროშა.
„უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა. უკრაინა 32 წლის გახდა. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ამ დღეს შვილებთან, ოჯახთან ერთად შევხვდე. მადლობა საქართველოს, რომ თბილად მიგვიღო. მინდა, რომ შემდეგ დამოუკიდებლობის დღეს სახლში შევხვდეთ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ირინა ნოვალენკომ.
მსვლელობას "ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის" ერქვა და მასში საქართველოს მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ.
"უკრაინას ვუსურვებდი თავისუფლებას, პუტინისგან თავისუფლებას... პუტინისგან უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ლამაზი ქვეყანაც“, - თქვა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ ირმა ნაცვლიშვილმა.
უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო უკრაინის დამოუკიდებლობის აქტი. საბჭოს ხელმძღვანელობდა ლეონიდ კრავჩუკი, რომელიც მოგვიანებით გახდა დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი.
უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს რუსეთთან ომის პირობებში. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.