რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა არ უპასუხა ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ კორესპონდენტის კითხვას, თუ როგორ შეიძლება გავლენა მოახდინოს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის შესაძლო სიკვდილმა აფრიკაში მოსკოვის ინტერესებზე.
კორესპონდენტმა ლავროვს შეკითხვით იმ დროს მიმართა, როდესაც იოჰანესბურგში „ბრიკსის“ სამიტზე მყოფი ლავროვი და მისი გარემოცვა სამიტის დერეფანში გავიდნენ და ლიფტისკენ გაემართნენ. "აქ საიდან გაჩნდი?“- ასე უპასუხა სერგეი ლავროვმა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ჟურნალისტს და თანმხლებ პირებთან ერთად ლიფტში შევიდა.
23 აგვისტოს საღამოს ტვერის რეგიონში ჩამოვარდა „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი. ბიზნესჯეტი მოსკოვიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა. მასში იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის სამი წევრი. ტვერის მახლობლად, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე, სამძებრო ოპერაცია დასრულდა, ნაპოვნია თვითმფრინავში მყოფი ათივე ადამიანის გვამები.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ირიბად დაადასტურა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ტვერის ოლქში მომხდარ ავიაკატასტროფაში.
„პრიგოჟინს ვიცნობდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, 90-იანი წლების დასაწყისიდან. ის იყო რთული ბედის ადამიანი. სერიოზულ შეცდომებსაც უშვებდა და საჭირო შედეგებსაც აღწევდა, საკუთარი თავისთვისაც და მაშინაც, როცა მას ამაზე ვთხოვდი ხოლმე, როგორც ამ ბოლო თვეებში. იყო ნიჭიერი ადამიანი, ნიჭიერი ბიზნესმენი“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
„ნასტოიაშჩეე ვრემია“ არის რადიო თავისუფლებისა და „ამერიკის ხმის“ ერთობლივი ტელეპროექტი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მაუწყებლობს რუსეთში, უკრაინაში, ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, ისევე როგორც სხვა რეგიონებში.