შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს მაშველებმა. ინფორმაციას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის დაქვემდებარებაშიც არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში მოძიებულია 31 ცხედარი, მიმდინარეობს კიდევ 2 დაკარგული ადამიანის საძიებო სამუშაოები. ნაპოვნი ცხედრებიდან, სავარაუდოდ, ერთი კაცს ეკუთვნის, მეორე კი - მოზარდს.
"დღეს სტიქიის ეპიცენტრიდან 40 კილომეტრის მოშორებით, სოფელ სორის მიმდებარედ, ნანახია, სავარაუდოდ, მამაკაცის ცხედარი. გარდა ამისა, იცით თქვენ, რომ სტიქიის ეპიცენტრში მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები. დაახლოებით აღებული გვაქვს საორიენტაციოდ 8 ჰექტარი ტერიტორია, სადაც დღეს ნანახი იქნა დამატებით ერთი მოზარდის ცხედარი და ასევე, ცალკეულად - ერთი ადამიანის ფრაგმენტი. აქტიურად გრძელდება საძიებო სამუშაოები ამ დროისთვის კიდევ და დარჩენილია ორი ადამიანი, ვის ძებნა-შველის ღონისძიებასაც ვაგრძელებთ", - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა.
ღვარცოფი რაჭაში, შოვში, 2023 წლის 3 აგვისტოს, დაახლოებით 15.00 საათისთვის მოვარდა.
სტიქიის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მხოლოდ ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.
სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ სრულყოფილი ოფიციალური ინფორმაცია. ცნობები დაღუპულებსა და დაკარგულებზე მათ ახლობლებზე დაყრდნობით ვრცელდება მხოლოდ მედიასა და სოციალურ ქსელებში.