დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის მოქალაქეებისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ უკრაინის დამოუკიდებლობის დღე თავისუფალი, ძლიერი, ღირსეული და თანასწორი ადამიანების დღესასწაულია.
უკრაინის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქვეყნის დამცველ მეომრებს და მათ ოჯახებს. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა უკრაინელს, მათ შორის ჟურნალისტებს და იმ ხალხს, ვინც დღეს უკრაინული იარაღის წარმოებაზე ზრუნავს.
„როცა ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩავძირეთ მტრის ფლოტის ფლაგმანი კრეისერი „მოსკვა“ და გვიხარია ყირიმის ხიდზე დარტყმა, მადლობას ვუხდით მათ, ვის სახელებსაც დღეს ვერ ვიტყვით, მაგრამ მომავალში მათზე წიგნებს დაწერენ და კინოს გადაიღებენ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელებმა ერთად შეძლეს იმის გაკეთება, რომ როცა ერთი ამბობს: „დიდება უკრაინას!“, მთელი მსოფლიოს პასუხია: „დიდება გმირებს!“
1991 წლის 24 აგვისტოს, უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ მიიღო უკრაინის დამოუკიდებლობის აქტი. საბჭოს ხელმძღვანელობდა ლეონიდ კრავჩუკი, რომელიც მოგვიანებით გახდა დამოუკიდებელი უკრაინის პირველი პრეზიდენტი.
უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს რუსეთთან ომის პირობებში. რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.