23 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩენ ოპოზიციონერ აქტივისტ აბუბაქარ იანგულბაევზე, რომელიც ემიგრაციაში ცხოვრობს, ძებნა გამოაცხადა.
იანგულბაევი იძულებული იყო რუსეთი დაეტოვებინა ჩეჩნეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის გამო. დევნის სავარაუდო მიზეზი იყო ოპოზიციურ მოძრაობა 1ADAT-თან დაკავშირებული ქმედებები. მოძრაობას სათავეში უდგანან მისი ძმები იბრაგიმ და ბაიასანგურ იანგულბაევები. ძმები ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ცნობილი კრიტიკოსები არიან.
ადრე იანგულბაევის ოთხი ნათესავი ძალით გაგზავნეს უკრაინაში საომრად.
ძებნის თაობაზე ინფორმაცია თავად იანგულბაევმაც გამოაქვეყნა. რა მუხლით უყენებენ მას ბრალს, ნათელი არ არის.
ძმები იანგულბაევების ოპოზიციური მოღვაწეობა ნაწილობრივ დაკავშირებულია კადიროველების მიერ მათი დედის, ზარემა მუსაევას გატაცებასთან.
2023 წლის 4 ივლისს გროზნოს სასამართლომ ზარემა მუსაევას 5,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ზუსტად იმ ვადით, რასაც პროკურატურა ითხოვდა. უფლებადამცველები 52 წლის ქალის დევნას პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან, ადვოკატებმა საქმეში არაერთხელ დააფიქსირეს გაყალბება. გატაცების შემდეგ მუსაევა იზოლატორში იმყოფებოდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მიუხედავად.
გროზნოში მუსაევას განაჩენის გამოტანის დღეს თავს დაესხნენ მის ადვოკატს, ალექსანდრ ნემოვს და „ნოვაია გაზეტას“ ჟურნალისტს, ელენა მილაშინას. მოსკოვიდან მკვეთრი რეაქციის შემდეგ კადიროვმა პირობა დადო, რომ „საქმეში გაერკვეოდა“. ეჭვმიტანილები ჯერ არ დაუკავებიათ.