Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთი გახდა მეოთხე ქვეყანა, რომელმაც მთვარეზე კოსმოსური აპარატი დასვა


მთვარის ხედი "ჩანდრაიაან-3-დან", რომელიც 23 აგვისტოს დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვა.
მთვარის ხედი "ჩანდრაიაან-3-დან", რომელიც 23 აგვისტოს დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე დაეშვა.

23 აგვისტოს ინდოეთმა თავისი კოსმოსური აპარატი დასვა მთვარის სამხრეთ პოლუსის მახლობლად, შეუსწავლელ არეალში. ამ არეალში, მკვლევრების ვარაუდით, შეიძლება აღმოჩნდეს გაყინული წყლის და ძვირფასი ელემენტების მარაგი.

მისიამ დაამტკიცა, რომ იზრდება ინდოეთის უპირატესობა კოსმოსის კვლევის და ტექნოლოგიის სფეროში.

სპეციალური აპარატი "ჩანდრაიაან-3", რაც სანსკრიტზე „მთვარის ხომალდს“ ნიშნავს, მთვარეზე დაეშვა ადგილობრივი დროით 6:04 საათზე, რასაც ინდოეთის სამხრეთის ქალაქ ბენგალურში, ფრენის სამეთვალყურეო ცენტრში, მკვლევრების და სხვა დამკვირვებლების აპლოდისმენტები და სიხარული მოჰყვა.

ოთხი წლის წინანდელი პირველი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ინდოეთი გახდა მეოთხე ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის სამხრეთში დასვა თავისი აპარატი და შეუერთდა ყოფილ საბჭოთა კავშირს, აშშ-სა და ჩინეთს, რომლებმაც ადრე წარმატებით განახორციელეს მისიები მთვარეზე.

ინდოეთის აპარატის წარმატებული დაშვება მთვარეზე მოჰყვა რუსეთის აპარატის, „ლუნა-25-ის“ ავარიას, როცა მან დატოვა ორბიტა და მთვარეზე ჩამოვარდა.

ინდოეთში, სადაც დედამიწაზე ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ათასობით პირი ლოცულობდა მისიის წარმატებისთვის - ისინი ფარნებს ანთებდნენ მდინარეების ნაპირებზე, ტაძრებსა და რელიგიურ ადგილებში.

XS
SM
MD
LG