80 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიელი პოპმომღერალი და კომპოზიტორი ტოტო კუტუნიო. სააგენტო ANSA იტყობინება, რომ კუტუნიო დიდხანს იყო ავად და ახლახან ის საავადმყოფოში დააწვინეს მდგომარეობის გაუარესების გამო.
მომღერალს, რომლის სრული სახელია სალვატორე კუტუნიო, წარმატება 1970-იანი წლების შუა პერიოდში ეწვია, როდესაც მისი სიმღერების შესრულება დაიწყო ფრანგული სცენის კორიფემ, ჯო დასენმა. კუტუნიოს ეკუთვნის ისეთი ჰიტები, როგორებიცაა „Et si tu n'existais pas“, „Salut“ და „L'Été indien“. ასევე კუტუნიოს სიმღერებს ასრულებდნენ სხვა ვარსკვლავები - ადრიანო ჩელენტანო, მირეი მატიე, დალიდა.
1980 წელს კუტუნიომ სან-რემოს კონკურსში გაიმარჯვა და შემდგომ წლებში არაერთხელ მოიპოვა საპრიზო ადგილები. სან-რემოს კონკურსი სსრკ-ში ტელევიზიითა და რადიოთი გადაიცემოდა და კუტუნიომ დიდი პოპულარობა მოიპოვა საბჭოთა მსმენელებში 1980-იან წლებში. მისი ჰიტები „L'italiano“ და „Serenata“ კარგად იყო ცნობილი ესტრადის საბჭოთა მოყვარულებისთვის. კუტუნიო არაერთხელ ჩავიდა კონცერტებით სსრკ-ში და, შემდგომში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის - საქართველოში.