არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი, სავარაუდოდ, გაათავისუფლეს რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურის თანამდებობიდან. ამის შესახებ ჟურნალისტი ალექსეი ვენედიქტოვი იტყობინება პრეზიდენტის საიდუმლო განკარგულებაზე დაყრდნობით. ამასთან, ვენედიქტოვის თქმით, სუროვიკინი არ დაუთხოვიათ ჯარიდან, ის რჩება თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში.
RBC-ის წყარო, რომელიც „იცნობს სიტუაციას“, იტყობინება, რომ თანამდებობიდან გენერლის გათავისუფლება სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო ხდება. „ამჟამად ის მოკლე შვებულებაშია“, - ამბობს გამოცემის ერთ-ერთი თანამოსაუბრე.
ჟურნალისტ ქსენია სობჩაკის ინფორმაციით, სუროვიკინი დახურული განკარგულებით გაათავისუფლეს ჯერ კიდევ 18 აგვისტოს. ეს დოკუმენტი ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა. მაგრამ მართლაც არის ხარვეზი ამ პერიოდში ვლადიმირ პუტინის საჯარო განკარგულებების ნუმერაციაში, აღნიშნავენ „ვაჟნიე ნოვოსტის“ ჟურნალისტები. 17 აგვისტოს გამოჩნდა ბრძანებულება No 622 „რუსეთის ფედერაციის სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების პროგნოზის შემუშავებისა და კორექტირების პროცედურის შესახებ“, ხოლო 18 აგვისტოს - No 624 „მე-14 გამანადგურებელი საავიაციო პოლკისთვის საპატიო დასახელების მინიჭების შესახებ“. რა იმალება No 623-ე დოკუმენტის უკან, უცნობია.
პოსტიდან გენერლის მოხსნის შესახებ რუსი ომის მომხრე ბლოგერებიც იუწყებიან. „რიბარი“ წერს, რომ სუროვიკინი თითქმის მაშინვე გაათავისუფლეს, როცა ივლისში მოხდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყება.
სერგეი სუროვიკინი 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის იანვრამდე მეთაურობდა რუსეთის ჯარებს უკრაინაში. ამის შემდეგ იგი გადაიყვანეს მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე, გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის დაქვემდებარებაში. ამავე დროს სუროვიკინს 2017 წლიდან ეკავა სამხედრო-კოსმოსური ძალების მეთაურის პოსტი.
მიმდინარე წლის ივნისში, ე.წ. „ვაგნერელთა აჯანყების“ დროს, სუროვიკინმა ჩაწერა „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლებისადმი ვიდეომიმართვა, რომელშიც მათ მოუწოდებდა, დაბრუნებულიყვნენ დისლოკაციის ადგილებზე. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სუროვიკინის კავშირების შესახებ „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთან, რომელიც ხელმძღვანელობდა "ვაგნერელების" მარშს. ზოგიერთი ცნობით, გენერალი დააკავეს - ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ ის საჯაროდ არ გამოჩენილა.