Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„გამარჯვებულები მიჰყავთ მოსკოვში ექსკურსიაზე“ - რას სთხოვდა „კონსერვატიული მოძრაობა“ დუმის თავმჯდომარის მოადგილეს?


ფოტოკოლაჟი: ალექსანდრ ბაბაკოვი, დუმის თავმჯდომარის მოადგილე. პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი
ფოტოკოლაჟი: ალექსანდრ ბაბაკოვი, დუმის თავმჯდომარის მოადგილე. პარტია "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისი

ქართული პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილეს, ალექსანდრ ბაბაკოვს, „რუსულ პოლიტიკურ ძალებთან კონტაქტების დამყარებას“ სთხოვდა. ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელიც არ არის დათარიღებული და რომელიც საერთაშორისო საგამოძიებო საზოგადოება InformNapalm-მა გამოაქვეყნა.

ორგანიზაციამ მასალები მიიღო ჰაკერულ ჯგუფ „კიბერწინააღმდეგობისგან“. ჯგუფმა ბაბაკოვის ელექტრონული ფოსტა „გატეხა". მრავალ მოპოვებულ დოკუმენტს შორის არის „კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის, გიორგი ქარდავას წერილი.

გარდა რუსულ პოლიტიკურ ძალებთან კონტაქტების დალაგებისა, ქარდავა ითხოვს „საერთო ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ“ დახმარებას, ასევე ახალგაზრდობასთან მუშაობის გამოცდილების გაზიარებას, საგანმანათლებლო პროექტების განვითარებას, მათ შორის რუსული ენის შესწავლისა და სხვა საკითხებში დახმარებას.

ქარდავას წერილის თანახმად, ბაბაკოვისადმი მიმართვა საქართველოში მცხოვრებმა „რუსმა თანამემამულეებმა“ ურჩიეს. ქარდავა ბაბაკოვს თავისი პარტიის შესახებაც უყვება და განუმარტავს, რომ ის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ოპოზიციაშია და „მართავს ანტიდასავლურ და ნატოს საწინააღმდეგო აქციებს“.

"კონსერვატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ბაბაკოვს უხსნის, რომ მათი ინტერესია იმ ახალგაზრდებთან მუშაობა, რომლებიც იზრდებიან დასავლურ ყაიდაზე, რის შედეგადაც „უკიდურესად შეზღუდულ და გამრუდებულ ცოდნას“ იძენენ რუსეთზე. ამასთან, ქარდავა გამოხატავს წუხილს, რომ რუსული ენა არ დომინირებს და ქართველი ახალგაზრდობა ინგლისურს ეუფლება, რაც, მისი მოსაზრებით, კიდევ უფრო ცუდ როლს ითამაშებს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში.

აქედან გამომდინარე, ქარდავა მიიჩნევს, რომ აუცილებელია ისეთი საგანმანათლებლო პროექტების დაწყება, რომლებიც ახალგაზრდობას რუსეთის მიმართ ინტერესს გაუღვივებს.

კიდევ ერთი წერილი, რომელსაც InformNapalm-ი ავრცელებს, ბაბაკოვისადმი მიწერილი აქვს "ევრაზიული ინტეგრაციის სამეცნიერო ცენტრის" აღმასრულებელ დირექტორს. ის ბაბაკოვს სთხოვს, დაესწროს 2022 წლის 12 ოქტომბერს მოსკოვში დაგეგმილ კონფერენცია-სემინარს, რომელშიც საქართველოდან მონაწილეობას მიიღებენ პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენლები გიორგი ქარდავა, ზურაბ მარტინენკო, ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო.

გამოქვეყნებული წერილების ასლები
გამოქვეყნებული წერილების ასლები

სემინარზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს - წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ. განიხილეს სამხრეთ კავკასიის საკითხი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ფარგლებში და რუსეთის როლი, „როგორც პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოების კონსერვატიული იდენტობის დაცვის გარანტისა“.

InformNapalm-ის თანახმად, რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ბაბაკოვი საზღვარგარეთ პრორუსული მოძრაობების მეშვეობით დივერსიულ საქმიანობაშია ჩართული.

"ბაბაკოვი თანამშრომლობს მემარჯვენე ქართულ პრორუსულ პარტია „კონსერვატიულ მოძრაობასთან“, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს პრორუსულ და ანტიამერიკულ-ანტიევროპულ ნარატივებს საქართველოში. რუსეთი ატარებს კონკურსებს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც „დიდ სამამულო ომს“ ეძღვნება და საფუძვლად უდევს საქართველოს შეყვანა ერთიან ევრაზიულ ეკონომიკურ სივრცეში “, - ნათქვამია სტატიაში.

ვრცელ სტატიაში, რომელშიც ბაბაკოვის ელექტრონული ფოსტიდან ჰაკერული გზით მოპოვებული დოკუმენტებია გაანალიზებული, აღნიშნულია, რომ მის ფოსტაში იყო ბევრი ისეთი დოკუმენტი, რომლებითაც ირკვევა, რომ ბაბაკოვი ხელს უწყობს რუსეთის ინტერესების გაძლიერებას ბულგარეთში, საბერძნეთში, მექსიკაში, სირიაში, თურქმენეთში, ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინაში.

რადიო თავისუფლებასთან საუბარში პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი კონსტანტინე მორგოშია კონკრეტულ წერილთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ იცის, გამოქვეყნებული წერილი „ნამდვილია თუ არანამდვილი“, მაგრამ ალექსანდრ ბაბაკოვის პარტია Справедливая Россия-სთან კავშირები ნამდვილად აქვთ.

„თუ იმას მეკითხებით, რომ [Справедливая Россия-სთან] ერთობლივ ღონისძიებებს ვატარებთ თუ არა, ვატარებთ და ჩავატარეთ... არ ვიცი, რამდენად ნამდვილია თუ არა ეს წერილი, მაგრამ კონტაქტი გვაქვს ამ პარტიასთან, არ უარვყოფ... [მხარდაჭერა ყოფილა], ჩატარდა კონკურსი და ამის შესახებ "ალტ-ინფოზეც" გავიდა [ინფორმაცია]. მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით კონკურსი ჩატარდა და რამდენიმე ათასმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. მანდ იყო პრიზები და გამარჯვებულები მიჰყავთ მოსკოვში ექსკურსიაზე. ახლაც გვაქვს კონტაქტი, თავისთავად ცხადია“, - ეუბნება კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებას.

"კონსერვატიული მოძრაობა" პარტიის სახით 2021 წლის ბოლოს დარეგისტრირდა. ამავე პარტიის ლიდერები არიან ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" ხელმძღვანელებიც. ამ არხის დამფუძნებლები იყვნენ 2021 წლის 5 ივლისისთვის დაგეგმილი "ღირსების მარშის" კონტრაქციის ორგანიზატორები. კონტრაქციაზე 50-ზე მეტ ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად. ორგანიზატორები დღემდე არ დასჯილან.

წელს, 8 ივლისს, "ალტ-ინფოს" მიერ წაქეზებული ჰომოფობიური ჯგუფები შეიჭრნენ და დაარბიეს "თბილისი პრაიდის" კვირეულის დახურვის ღონისძიების ადგილი. მიუხედავად სამართალდამცველების დაპირებისა, რომ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, ღონისძიება დაწყებამდე ჩაიშალა.

XS
SM
MD
LG