Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუდა: ბელარუსში ბირთვული იარაღის შეტანა ცვლის რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას


პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ლუცკი, 9 ივლისი, 2023.
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. ლუცკი, 9 ივლისი, 2023.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ 22 აგვისტოს განაცხადა, რომ რუსეთს ამჟამად უკვე გადააქვს გარკვეული რაოდენობის მოკლე რადიუსის ბირთვული იარაღი მეზობელ ბელარუსში. მისი თქმით, ეს ნაბიჯი შეცვლის რეგიონისა და ნატოს მთელი სამხედრო ალიანსის უსაფრთხოების არქიტექტურას.

გასულ თვეში რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადეს, რომ მოსკოვმა უკვე ჩაიტანა ბელარუსში თავისი ტაქტიკური ბირთვული იარაღის ნაწილი. აშშ-სა და ნატოს არ დაუდასტურებიათ ბელარუსში რუსეთის ბირთვული იარაღის შეტანა.

ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების გეგმის შესახებ პუტინმა 2023 წლის მარტში გამოაცხადა. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ თავისი ქმედებებით რუსეთი არ დაარღვევს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას. ანუ რუსეთი არ გადასცემს ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგებული ბირთვული იარაღის მართვის უფლებას.

მაისის ბოლოს მინსკში გამართულ შეხვედრაზე ბელარუსისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის არასტრატეგიული ბირთვული იარაღის განთავსების პროცედურის შესახებ.

პრეზიდენტმა პუტინმა 25 მარტს გამოაცხადა, რომ ბელარუსის თხოვნით, მის ტერიტორიაზე განთავსდება რუსეთის ტაქტიკური ბირთვული იარაღი, საცავის მშენებლობა კი, 1 ივლისს დასრულდება.

XS
SM
MD
LG