რუსეთი უკრაინას თავს დაესხა გაეროს წესდების დარღვევით, რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას, ამიტომ უკრაინას აქვს კანონიერი უფლება, დაიცვას თავისი ქვეყანა და ხალხი, განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა. მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს რუსეთის ტერიტორიებზე უკრაინული დრონების იერიშების შესახებ.
„რუსეთი შეუჩერებლივ ბომბავს უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს: მარცვლეულის საცავებს, საავადმყოფოებს, ეკლესიებს. უკრაინა კი თავს იცავს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში“, - განაცხადა მან.
ბერბოკმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ჯარებმა უკრაინაში დანაღმეს დაახლოებით „დასავლეთ გერმანიის ზომის“ ტერიტორია. გერმანია ამჟამად მოკავშირეებთან ერთად განიხილავს, რა დახმარება შეიძლება აღმოუჩინონ კიევს ამ დანაღმული ტერიტორიების განაღმვაში.
ბოლო რამდენიმე თვეა, გახშირდა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვზე, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა. კიევი ამ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, უკრაინის ხელისუფლებაში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.