Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეა გოდოლაძე "რუსთავი 2-ის" ინფორმაციაზე: "ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს"


თეა გოდოლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი
თეა გოდოლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ფეისბუკზე ეხმაურება მის წინააღმდეგ "რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმაზე, რომ იგი ოჯახური ძალადობის მუხლითაა ბრალდებული. მეცნიერი აღწერს მასზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევას, რომელიც მოხდა 2022 წლის აპრილში. იგი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მის წინააღმდეგ იყენებს მოძალადეს და ცრუ ბრალდებით ცდილობს მის დისკრედიტაციას და გაჩუმებას.

"ეს საკითხი ეხება ჩემ პირად ცხოვრებას და ძალიან მძიმეა ჩემთვის.

2022 წლის 7 აპრილს, ღამით, ადგილი ჰქონდა ყოფილი პარტნიორისაგან, ჩემზე ფიზკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც 2022 წლის აპრილის თვიდან გავდიოდი მკურნალობას. ამ ეტაპზე საქმე სასამართლოშია.

რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას. ჩემმა ყოფლმა პარტიორმა თეიმურაზ შერგელაშვილმა, რომელიც ამჟამად ბრალდებულია ჩემს მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეთითხნა ცრუ ბლადებები მტკიცებულებების გარეშე, პროვოკაციის მოწყობის მიზნით", - წერს თეა გოდოლაძე და აღნიშნავს, რომ მის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია 2021 წელსაც ააგორეს. ამ დროს ის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა რიგებში იყო.

"ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე. უპასუხეთ ხალხს!
არ გავჩუმდები! ქალზე ძალადობის „გაპრავებაც“ და საქმის მოტრიალებაც არ გამოვა! ყველა დაჩაგრული ქალის ინტერესს დავიცავ!" - წერია თეა გოდოლაძის მიერ 22 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატუსში.
თეა გოდოლაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია "საფარიც", რომელიც მის ინტერესებს წელიწადზე მეტია, იცავს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ "შავი კამპანიის" მიზანი "პროფესიონალი ქალის რეპუტაციის შელახვა და მისი გაჩუმების მცდელობაა." ორგანიზაციის განცხადებაში მოცემულია ფაქტობრივი გარემოებები ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.
"ის პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და აქვს დაზარალებულის სტატუსი. ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამ საქმის განხილვას სასამართლო მალე დაასრულებს.
შურისძიებისა და ზეწოლის მიზნით, მოძალადემ თავად დაადანაშაულა დაზარალებულ ქალი ძალადობაში, თუმცა, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა. ამის მიუხედავად, პროკურატურამ მას მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ, წარუდგინა ბრალი. აღსანიშნავია, რომ მოძალადეების მხრიდან მსხვერპლი ქალის დადანაშაულება, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა", - წერს "საფარი" და იხსენებს, რომ თეა გოდოლაძე თავისი საჯარო განცხადებებისა და აქტიურობის გამო არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთებული განცხადებების სამიზნე.
ინფორმაცია თეა გოდოლაძის ძალადობაში ბრალდებულების შესახებ "რუსთავი 2-მა" 22 აგვისტოს გამოაქვეყნა, როგორც "ექსკლუზივი". ამ მასალაში აღნიშნული არ ყოფილა, რომ გოდოლაძეს დაზარალებულის სტატუსი აქვს და თავადაც დავობს მასზე განხორციელებული ძალადობის გამო.
გოდოლაძე არ არის პირველი მეცნიერი, რომლის შესახებაც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილმა ტელევიზიამ პირადი ინფორმაცია გამოაქვეყნა. 2023 წლის ივნისში ისევ "რუსთავი 2-მა გაავრცელა" ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის ნასამართლობის შესახებ. უბედურ შემთხვევას, რომლის გამოც ნინო დობორჯგინიძეს წაყენებული ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდება, 2010 წელს მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშინ ნინო დობორჯგინიძე ამბობდა, რომ ეს იყო მისი ფსიქოლოგიურად განადგურების მცდელობა და თავდასხმა უნივერსიტეტზე, როგორც გამორჩეულ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეზე.
XS
SM
MD
LG