Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სასამართლომ არ ცნო ხელოვნური ინტელექტის საავტორო უფლება


ჰუმანოიდი ჯენევის სამიტზე. 6 ივლისი, 2023.
ჰუმანოიდი ჯენევის სამიტზე. 6 ივლისი, 2023.

ხელოვნური ინტელექტის (AI) მიერ, ადამიანის მონაწილეობის გარეშე, შექმნილი ხელოვნების ნიმუშები არ შეიძლება იყოს საავტორო უფლებებით დაცული აშშ-ის კანონმდებლობით. საავტორო უფლება შეიძლება გავრცელდეს მხოლოდ ადამიანის ნამუშევრებზე, განაცხადა ვაშინგტონის (კოლუმბიის ოლქის) ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ, ბერილ ჰაუელმა.

მოსამართლემ დაადასტურა აშშ-ის საავტორო უფლებების ბიუროს გადაწყვეტილების სისწორე კომპიუტერის დეველოპერ სტივენ ტალერის საქმეზე. ის ცდილობდა საავტორო უფლებების დარეგისტრირებას თავისი ხელოვნური ინტელექტის სისტემა DABUS-ის სახელით (Device for the Autonomous Bootstrapping of Unified Sentience), იტყობინება Reuters-ი.

2018 წელს ტალერმა განაცხადი შეიტანა საავტორო უფლებების მოსაპოვებლად ვიზუალური ხელოვნების ნამუშევარზე „სამოთხეში ახლახან შესვლა“, რომელიც, მისი თქმით, შეიქმნა DABUS-ის მიერ, ადამიანის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე. 2022 წელს აშშ-ის საავტორო უფლებების ბიურომ უარი თქვა ამ განაცხადის მიღებაზე და თქვა, რომ ხელოვნების ნაწარმოების საავტორო უფლებების მიმღები უნდა იყოს ადამიანი.

„ამერიკის ხმის“ ცნობით, ტალერმა მიმართა ფედერალურ სასამართლოს და ამტკიცებდა, რომ ადამიანის ავტორობა არ არის კონკრეტული იურიდიული მოთხოვნა, ხოლო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ნაწარმოებებზე საავტორო უფლებების გაცემა შეესაბამება საავტორო უფლებების მიზანს, როგორც ეს განსაზღვრულია აშშ-ის კონსტიტუციაში - „ხელი შეუწყოს მეცნიერებისა და სასარგებლო ხელოვნების პროგრესს“.

ტალერის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი კატეგორიულად არ ეთანხმება გადაწყვეტილებას და მას გაასაჩივრებს.

XS
SM
MD
LG