20 აგვისტოს რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა გამართეს აქცია სახელწოდებით, "პუტინი მკვლელია". ამ დღეს ნავალნის ნერვული აგენტით მოწამვლიდან სამი წელი შესრულდა. პოლიტიკოსის თანამოაზრეები და თავად ნავალნი მოწამვლაში ადანაშაულებენ რუსეთის ხელისუფლებას და ამ ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
ნავალნის მომხრეები ქუჩებში გავიდნენ ათეულობით ქვეყანაში - კერძოდ, ახალ ზელანდიაში, ავსტრალიაში, ესტონეთში, საფრანგეთში, ჩეხეთში, ლიტვაში, გერმანიაში, შვედეთში, დანიაში, ასევე საქართველოში, აქციები ჩატარდა დიდ ბრიტანეთში და ამერიკის რამდენიმე ქალაქში.
ბევრი აქტივისტი გამოვიდა არა მხოლოდ ნავალნის მხარდასაჭერად, არამედ უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგაც.
ვილნიუსში გამართულ აქციაში ნავალნის თანამოაზრეები ივან ჟდანოვი, დიმიტრი ზახვატოვი, ვლადიმირ მილოვი და სხვები მონაწილეობდნენ. შეკრებაზე იმყოფებოდა ალექსეი ნავალნის ქალიშვილი დარიაც, იუწყება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი.
აქციები ერთჯერადი პიკეტების სახით ასევე გაიმართა რუსეთის რამდენიმე ქალაქში. დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში გამართული აქციის მონაწილე გამოვიდა პლაკატით: "თავისუფლება ნავალნის! არა რეპრესიებს! არა ომს!"
„OVD-Info-ს ინფორმაციით, მოსკოვში ორი ადამიანი დააკავეს პლაკატებით, „თავისუფლება პოლიტპატიმრებს“. მონაწილეებმა პიკეტი მოაწყვეს ქალაქის ცენტრში - არბატსა და "წითელ მოედანზე".
ნავალნის გუნდის მიერ ასევე გავრცელდა ფოტო მამაკაცისა, რომელიც "წითელ მოედანთან" დგას პლაკატით: "თავისუფლება ნავალნის, არა ომს!" კიდევ ერთი მოპიკეტე - ანტონ მალიხინი - პლაკატით "არა ომს" დააკავეს მანეჟის მოედანზე, ჟუკოვის ძეგლთან.
სანქტ-პეტერბურგში ერთკაციანი პიკეტის მონაწილე სერგეი რიაბუშევი დააკავეს. მას შემდეგ სანიტარული ნორმების დარღვევის შესახებ ოქმი შეუდგინეს და გაათავისუფლეს.
აქციის ანონსში ნავალნის თანამოაზრეები წერენ რომ, პირველ რიგში, აქციაზე წასვლისკენ მოუწოდებენ მათ, ვინც „უსაფრთხო ქვეყნებში“ ცხოვრობენ. რუსეთში არაკოორდინირებული საპროტესტო აქციების მონაწილეებს ადმინისტრაციული დაპატიმრება ემუქრებათ. გარდა ამისა, ნავალნის სტრუქტურები რუსეთში ექსტრემისტულად იქნა აღიარებული და მათთან კავშირების გამო ბრალდებას შესაძლოა, სისხლისსამართლებრივი დევნა მოჰყვეს.
ნავალნი მძიმე მოწამვლის სიმპტომებით 2020 წლის 20 აგვისტოს რუსეთში, ომსკის საავადმყოფოში მოხვდა. შემდეგ ის მკურნალობდა ბერლინის საავადმყოფოში, სადაც დაუდგინეს, რომ შეიძლებოდა მოწამლული ყოფილიყო რუსული წარმოების შხამით. ნავალნის მომხრეებმა უშიშროების სამსახური და ქვეყნის ხელისუფლება მკვლელობის მცდელობაში დაადანაშაულეს.