უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა ნიდერლანდში, სადაც გააგრძელებს მცდელობას, დახმარება მოიპოვოს უკრაინის საჰაერო თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში მას მერე, რაც აშშ-მა ნება დართო ნიდერლანდსა და დანიას მიაწოდონ კიევს F-16 ტიპის გამანადგურებლები.
ნიდერლანდში დაგეგმილი იყო მისი შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, მარკ რიუტესთან, რომელიც მთავრობის გადადგომის შემდეგ მომავალ არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია.
ზელენსკის შეხვედრა რიუტესთან დაიგეგმა ეინდჰოვენის სამხედრო ავიაბაზაზე.
ნიდერლანდში ვიზიტამდე ზელენსკი იყო შვედეთში, სადაც ამ ქვეყნის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა.
სტოკჰოლმში შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა მფრინავებმა შვედური Gripen-ის გამანადგურებლების გამოცდა დაიწყეს. გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, მოლაპარაკებების დროს განიხილეს უკრაინაში შვედური CV-90 ტიპის ქვეითთა ჯავშანმანქანების უკრაინის ტერიტორიაზე წარმოების საკითხი.