Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ომში საერთო დანაკარგები ნახევარ მილიონს უახლოვდება - NYT


კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლთა სასაფლაო კრასნოდარში
კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" მებრძოლთა სასაფლაო კრასნოდარში

უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან წლინახევრის განმავლობაში ომის ორივე მხარეს დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საერთო რაოდენობა 500 ათასს უახლოვდება. ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის ანონიმ წარმომადგენლებზე დაყრდნობით New York Times-ი წერს.

გაზეთის განმარტებით, საუბარია ბრძოლის ველზე დანაკარგებზე, მაგრამ ამ რიცხვში არ შედის რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დაღუპული და დაჭრილი მშვიდობიანი მოსახლეობა.

აშშ-ის ადმინისტრაციაში რუსული მხარის დანაკარგები შეფასებულია, როგორც უფრო მაღალი, მაგრამ ის ბევრად არ აღემატება უკრაინულისას. ანონიმი მოხელეები ირწმუნებიან, რომ ომში 120 ათასამდე რუსი სამხედრო დაიღუპა და დაახლოებით 170-180 ათასი დაიჭრა. უკრაინას, როგორც გაზეთი წერს, სავარაუდოდ, 70 ათასამდე დაღუპული და 120 ათასამდე დაჭრილი ჰყავს.

ამავდროულად, New York Times-ი ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის დადასტურებული მონაცემები და, რომ ცალკეულ ამერიკულ სააგენტოებს აქვთ განსხვავებული მონაცემები ომში რუსეთისა და უკრაინის დანაკარგების შესახებ. ასე მაგალითად, პენტაგონის დოკუმენტებში, რომლებიც ამ წლის დასაწყისში ინტერნეტში გაიჟონა, რუსეთის დანაკარგი დაღუპული სამხედროების სახით სულ მცირე 43 ათასს, ხოლო უკრაინისა 17 ათასზე მეტს უნდა შეადგენდეს.

ომის ორივე მხარე დანაკარგების შესახებ ინფორმაციას თითქმის არ იძლევა. მოსკოვმა დაღუპულთა რიცხვი ოფიციალურად ბოლოს თითქმის ერთი წლის წინ გაამჟღავნა, კიევი კი დანაკარგებზე საერთოდ არ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მონაცემები ომის შემდეგ გამჟღავნდება. ამავე დროს, ორივე მხარე აცხადებს, რომ მტერი დიდ დანაკარგებს განიცდის - უკრაინა ირწმუნება, რომ 250 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო რუსეთის ოფიციალური პირები ყოველგვარი დადასტურების გარეშე აცხადებენ, რომ უკრაინის დანაკარგები მხოლოდ მიმდინარე ზაფხულის შეტევის დროს 8-ჯერ მეტია, ვიდრე რუსეთისა.

XS
SM
MD
LG