Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დაზვერვა პოლონეთში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დივერსანტებად გადაბირებას ახდენდა - WP


რუსული სპეცსამსახურები ინტერნეტს იყენებდნენ იმისთვის, რომ პოლონეთში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს შორის მათთან თანამშრომლობის მსურველები გადაებირებინათ. ასეთია Washington Post-ის მკვლევრების დასკვნა.

ჟურნალისტების აზრით, გადაბირებულებს უნდა ეწარმოებინათ პრორუსული აგიტაცია და დაზვერვა პოლონეთის პორტებში, რკინიგზაზე უსაფრთხოების კამერები, ხოლო სამხედრო ტვირთში, რომელიც პოლონეთის გავლით უკრაინისკენ მიდის, GPS-ის სპეციალური "შუქურები" უნდა დაემონტაჟებინათ. მიმდინარე წლის მარტში, როგორც Washington Post-ი წერს პოლონეთის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით, გადაბირებულებმა მიიღეს ბრძანება პოლონეთის რკინიგზაზე საბოტაჟის მოწყობის შესახებ, რათა ჩაეშალათ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდება.

პოლონეთის სპეცსამსახურები მიიჩნევენ, რომ ამ ოპერაციის უკან რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველო (ცნობილი როგორც GRU) დგას. ჟურნალისტების თქმით, პოლონეთში ამ ოპერაციას უწოდებენ ნატოს წევრი ქვეყნის წინაშე მდგარ ყველაზე სერიოზულ საფრთხეს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. Washington Post-ის ცნობით, ამჟამად პოლონეთში დივერსიისა და ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებიდან ჩასული და ქვეყანაში ლტოლვილის სტატუსით მცხოვრები უკრაინის 12 მოქალაქე, ასევე ბელარუსის სამი და რუსეთის ერთი მოქალაქე.

ზემოხსენებულ ინფორმაციაზე, Washington Post-ის ჟურნალისტების თხოვნის მიუხედავად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარი აქამდე არ გაუკეთებია.

  • ნატოს ქვეყნებიდან ყველა სამხედრო დახმარების დაახლოებით 80% უკრაინაში პოლონეთის გავლით აღწევს.
  • პოლონეთის ხელისუფლება საზღვარზე უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით დამატებით ზომებს ახორციელებს მას შემდეგ, რაც მეზობელ ბელარუსში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ათასობით დაქირავებული ჩავიდა.
XS
SM
MD
LG