უკრაინის დაზვერვის მთავარი დეპარტამენტი ირწმუნება, რომ 18 აგვისტოს დილით აფეთქება მოხდა რუსეთის ჯარების მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონის ქალაქ ენერგოდარში რუსული პოლიციის ხელმძღვანელების შეხვედრაზე, რის შედეგადაც რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცერი დაშავდა.
როგორც დაზვერევის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოდან ირკვევა, პოლიციის შენობაზე თავდასხმა დრონმა განახორციელა.
უკრაინის მხარე ირწმუნება, რომ აფეთქების შედეგად დაჭრილთა შორის არიან რუსეთის მიერ ქალაქის პოლიციის უფროსად დანიშნული, პოლკოვნიკი პაველ ჩესანოვი, ასევე მისი მოადგილე და რიგი სხვა ლიდერები. ვარაუდობენ, რომ დაჭრილები რეანიმობილებმა მელიტოპოლში გადაიყვანეს. ასევე ვარაუდობენ, რომ შენობაში ძლიერი ხანძარი იყო.
ოკუპირებული მელიტოპოლის მერმა, ივან ფედოროვმა ენერგოდარში ძლიერი აფეთქების შესახებაც განაცხადა და დაზიანებული შენობის ფოტო გამოაქვეყნა.
ზოგიერთმა რუსული ტელეგრამის არხმა დაადასტურა იერიშის ფაქტი, მაგრამ აღნიშნა, რომ არავინ დაღუპულა ან დაჭრილა. რუსეთს ოფიციალურად ამ ცნობაზე არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
ენერგოდარი რუსმა ჯარებმა 2022 წლის მარტში დაიკავეს. ამ ქალაქში მდებარეობს ევროპაში ყველაზე დიდი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური.