Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვა უკრაინას მარცვლეულის ტრანზიტში დაეხმარება - მაია სანდუ


"ეს რთული თემაა. ჩვენ ვცდილობთ, ვიპოვოთ გამოსავალი ", - აცხადებს მაია სანდუ
"ეს რთული თემაა. ჩვენ ვცდილობთ, ვიპოვოთ გამოსავალი ", - აცხადებს მაია სანდუ

მოლდოვა აპირებს მარცვლეულის ტრანზიტის საკითხში დაეხმაროს უკრაინას, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ საფრანგეთის საერთაშორისო რადიოსთან (RFI) ინტერვიუში განაცხადა.

"მოლდოვის რესპუბლიკამ ომის დაწყებიდანვე შესთავაზა უკრაინას მარცვლეულის ტრანზიტში დახმარება. არა მხოლოდ ახლა - როდესაც დუნაის პორტები დაიბომბა. ეს რთული თემაა. ჩვენ ვცდილობთ, ვიპოვოთ გამოსავალი", - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, მოლდოვა მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინასთან, რუმინეთთან და ევროკომისიასთან იმის გასაგებად, როგორ შეუძლია ქვეყანას კოორდინაცია გაუწიოს თავისი ფერმერების ინტერესებს და უზრუნველყოს მარცვლეულის ტრანზიტი უკრაინიდან. სანდუ დარწმუნებულია, რომ მოლდოვა უნდა დაეხმაროს უკრაინას, რომელიც დღეს მათ მშვიდობას იცავს.

მოლდოვაში სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა საკმარისად განვითარებული არ არის. ახლა კი, როდესაც ეს საკმაოდ დიდი მოცულობის საკვები მოდის უკრაინიდან, სიტუაცია უფრო გართულდა.

"და, ცხადია, ერთ-ერთი გამოსავალი არის სწრაფი ინვესტიციები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, საზღვაო ინფრასტრუქტურაში, ამ პერიოდის შესაძლებლობების გასაზრდელად. იმის გამო, რომ ჩვენ გვინდა გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი, ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ინფრასტრუქტურა და ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, მათ შორის ევროკავშირის რესურსების ხარჯზე", - აღნიშნა მოლდოვის პრეზიდენტმა.

"მარცვლეულის შეთანხმება", რომლითაც სურსათის ექსპორტი ხდება რუსეთის მიერ დაბლოკილი შავი ზღვის პორტებიდან, გასული წლის ივლისში თურქეთისა და გაეროს დახმარებით დაიდო. ხელშეკრულება რამდენჯერმე გახანგრძლივდა. მიმდინარე წლის 17 ივლისს რუსეთი ამ შეთანხმებიდან გავიდა. მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსული სასუქებისა და სურსათის ექსპორტთან დაკავშირებული ზოგიერთი შეთანხმება არ შესრულდა.

  • 18 ივლისიდან რუსეთის ჯარებმა არაერთხელ დაბომბეს ოდესის რეგიონი. შედეგად, განადგურდა პორტის ინფრასტრუქტურა. ამასთან, დაბომბვის მიზეზად კრემლმა დაასახელა 17 ივლისის ღამეს ყირიმის ხიდზე განხორციელებული თავდასხმა.
  • "მარცვლეულის ინიციატივამ" უზრუნველყო ოდესის პორტებიდან მსოფლიო ბაზარზე 33 მილიონ ტონაზე მეტი სოფლის მეურნეობის პროდუქტის გატანა. შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და გაერომ მოუწოდეს რუსეთს, განაახლოს მონაწილეობა ამ შეთანხმებაში.

XS
SM
MD
LG