Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრაღაში გაუქმდა რუსი საოპერო მომღერლის, ნეტრებკოს კონცერტი


ანა ნეტრებკო
ანა ნეტრებკო

პრაღაში რუსი და ავსტრიელი საოპერო მომღერლის, ანა ნეტრებკოს კონცერტი გაუქმდა. ამის შესახებ განაცხადეს მუნიციპალიტეტის სახლისა და კონცერტის ორგანიზატორი სააგენტოს წარმომადგენლებმა.

იმ რუსი მომღერლის კონცერტის ანონსმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე საჯაროდ უჭერდა მხარს ვლადიმირ პუტინს, უკრაინის მომხრე აქტივისტების აღშფოთება გამოიწვია. კონცერტის გაუქმების მოთხოვნით გამოვიდა პრაღის მერია, რომელმაც ეს საკითხი ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოსთან განიხილა. მერიამ თავისი გადაწყვეტილებით კონცერტი ვერ გააუქმა, თუმცა რეკომენდაცია გასცა, რომ იგი არ ჩატარებულიყო.
ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ კონცერტის გაუქმების წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ შეთანხმებას მიაღწიეს ნეტრებკოსთან, რომელსაც, მათი თქმით, "ესმის, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოვიდა და წარმოიშვა პოლიტიკური ზეწოლა".

ირწმუნებიან, რომ ნეტრებკო არ მოითხოვს კომპენსაციას სპექტაკლის გაუქმების გამო. მათ, ვინც ბილეთები შეიძინა (ამბობენ, რომ ბილეთების 80%-ზე მეტი გაიყიდა), ფულს უკან დაუბრუნებენ.

  • რუსეთის სახალხო არტისტი, საოპერო მომღერალი ანა ნეტრებკო მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მოთხოვნადი სოპრანოა. იგი ცხოვრობს ვენაში, სადაც ვენის ოპერის წამყვანი სოლისტია. 2012 წელს რუსეთში იგი დარეგისტრირდა, როგორც საარჩევნო კამპანიაში ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელი.
  • უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, ანა ნეტრებკოსთან ურთიერთობა გაწყვიტა „მეტროპოლიტენ ოპერის“ თეატრმა. თეატრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანამ რუსეთი ომს არ შეწყვეტს და უკრაინას მიყენებულ ზიანს არ აუნაზღაურებს, „მეტროპოლიტენ ოპერა“ არ აღადგენს ამ ურთიერთობას. თავად ნეტრებკომ თქვა, რომ გმობს ომს, მაგრამ რჩება რუსეთის და მისი კულტურის პატრიოტად.
  • ნეტრებკოს გამოსვლებს დასავლეთის ქვეყნებში ხშირად თან ახლავს უკრაინის მხარდამჭერი აქტივისტების ქუჩის პროტესტი. რიგ შემთხვევებში კონცერტები გაუქმდა პროტესტის გამო. კერძოდ, 2023 წლის თებერვალში ნეტრებკომ კონცერტი არ გამართა ტაივანში, ხოლო გასულ ზაფხულს - გერმანიის შტუტგარტში.

XS
SM
MD
LG