აშშ-მა ნიდერლანდს ნებართვა მისცა, მიაწოდოს უკრაინას F-16 ტიპის გამანადგურებლები. AP-ის ცნობით, ამის თაობაზე 18 აგვისტოს განაცხადა ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა.
გადაწყვეტილება ერთობ მომგებიანია კიევისთვის მიუხედავად იმისა, რომ გამანადგურებლები დაუყოვნებლივ ვერ იქონიებენ გავლენას 18 თვის განმავალობაში მიმდინარე ომზე, - წერს სააგენტო.
„მივესალმები აშშ-ის გადაწყვეტილებას, გზა გაუხსნას უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებას. ეს ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, განვაგრძოთ უკრაინელი მფრინავების მომზადება", - წერია მინისტრის განცხადებაში X-ის ვებგვერდზე, რომელსაც უწინ Twitter-ი ეწოდებოდა. „ვრჩებით მჭიდრო კავშირში ევროპელ პარტნიორებთან შემდგომი ნაბიჯების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად“, - აცხადებს ნიდერლანდის თავდაცვის მინისტრი.
უკრაინას რა ხანია, დიდი სურვილი აქვს, მოიპოვოს თანამედროვე გამანადგურებლები, რათა ბრძოლაში უპირატესობა მოიპოვოს. ახლახან მან კონტრიერიში რუსეთის არმიის წინააღმდეგ საჰაერო მხარდაჭერის გარეშე დაიწყო, რითაც უკრაინის ჯარი რუსეთის ავიაციის და არტილერიის იოლი სამიზნე შეიძლება გახდეს. თვითმფრინავების მიწოდებასთან ერთად, უკრაინისთვის მფრინავების მომზადებაა საჭირო.
ვაშინგტონი ფიქრობს, რომ F-16-ებს, ისევე როგორც აშშ-ის წარმოების თანამედროვე Abrams-ის ტანკებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭებათ რუსეთსა და უკრაინას შორის დაპირისპირებაში. ნიდერლანდთან ერთად, სხვა ქვეყნებმაც იკისრეს ვალდებულება, გაწვრთნან უკრაინელი მფრინავები F-16-ის მართვაში.
მესამე ქვეყნისთვის ამ ტიპის თვითმფრინავების გადასაცემად საჭიროა აშშ-ის, როგორც მათი მწარმოებლის, ნებართვა.
ჯერ არაფერი თქმულა იმაზე, თუ როდის გახდება შესაძლებელი უკრაინისთვის პირველი თვითმფრინავების მიწოდება.