Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი რუსეთს აფრთხილებს შავ ზღვაში ინციდენტების დაუშვებლობაზე


ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი
ვლადიმირ პუტინი, რუსეთის პრეზიდენტი და რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თურქეთის პრეზიდენტი

თურქეთის ხელისუფლებამ რუსული მხარე გააფრთხილა საერთაშორისო წყლებში ინციდენტების დაუშვებლობაზე, იუწყება Reuters-ი.

თურქეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: „შავი ზღვის საერთაშორისო წყლებში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც ჩართული იყო სატვირთო გემი, რუსულ მხარეს სათანადოდ გაეგზავნა გაფრთხილება, რათა თავიდან აიცილონ შავ ზღვაში დაძაბულობის ესკალაციის ასეთი მცდელობები“.

კვირას რუსეთმა განაცხადა, რომ მისმა საპატრულო გემმა რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა პალაუს დროშით მცურავი Sukru Okan-ის (რუსი ოფიციალური პირები მას Сукра Окан-ს უწოდებენ) მიმართულებით მას შემდეგ, რაც გემის კაპიტანმა არ უპასუხა მოთხოვნას, შეეჩერებინა გემი ტვირთის შესამოწმებლად. ამის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ამოწმებდნენ უკრაინის პორტისკენ მიმავალ გემს რუსი სამხედროები.

ოთხშაბათს Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის რეიდი გემზე, რომელიც თურქეთის ნაპირებთან ახლოსაა, აახლოებს საომარ მოქმედებებს ნატოს წევრი სახელმწიფოს საზღვრებთან და ზრდის ანკარის საპასუხო მოქმედებების რისკს, რომელიც ცდილობს "მარცვლეულის გარიგებაში" მოსკოვის დაბრუნებას და ვითარების "მცირედ დამშვიდებას" შავ ზღვაში.

გასულ კვირას რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ვერტმფრენიდან დაეშვნენ გემზე, რომელიც თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპირო ზოლიდან დაახლოებით 60 კილომეტრში იდგა. ინციდენტი საერთაშორისო წყლებში, მაგრამ სტამბოლის მახლობლად მოხდა. მოსკოვმა მომხდარს უწოდა „ინსპექტირება“, გემის უკრაინის სანაპიროს მიმართულებით დაძვრამდე.

17 ივლისს „მარცვლეულის გარიგებიდან“ გასვლის შემდეგ, მოსკოვმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები სამიზნედ განიხილავენ ნებისმიერი გემს, რომელიც უკრაინაში მიცურავს შავი ზღვის გავლით. თურქეთმა, რომელიც თავდაპირველად "მარცვლეულის გარიგების" გარანტორის როლს ასრულებდა, მოსკოვს მოუწოდა, დაუბრუნდეს ხელშეკრულების შესრულებას.

ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თურქეთში სავარაუდო ვიზიტის შესახებ. თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

XS
SM
MD
LG