ბელარუსის იურიდიულ პირთა სახელმწიფო რეესტრში გამოჩნდა კომპანია სახელწოდებით „გრუპა ვაგნერი“. ის რეგისტრირებულია, როგორც საგანმანათლებლო ორგანიზაცია.
მისი მისამართი ემთხვევა დაქირავებული მეომრების კერძო შეიარაღებული ჯგუფის, ევგენი პრიგოჟინის მიერ დაფუძნებული "ვაგნერის", სავარაუდო ადგილსამყოფელს ბელარუსში.
ამონაწერი რეესტრიდან მოჰყავს გამოცემა „როტონდას“. მისი თქმით, „გრუპა ვაგნერის“ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება 4 აგვისტოს დარეგისტრირდა მოგილიოვის ოლქის ოსიპოვიჩის რაიონის აღმასკომში. კომპანიის ძირითადი და ერთადერთი საქმიანობა საგანმანათლებლოა.
წელს, 23-24 ივნისს, „ვაგნერის“ მხრიდან აჯანყების მცდელობის შემდეგ, მისმა დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა და ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადეს, რომ „ვაგნერის" ქვედანაყოფები განაწილდებოდნენ ბელარუსში.
მედიის ცნობით, მათთვის კარვების ბანაკი ოსიპოვიჩის რაიონში მდებარე სამხედრო ნაწილის გვერდით მოეწყო. ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ "ვაგნერელები" ბელარუსის სამხედრო პერსონალს მოამზადებენ.
თვითონ ევგენი პრიგოჟინმა ბელარუსში დააფუძნა საკუთარი იურიდიული პირი, როგორც ქონების მართვის კომპანია.
"ვაგნერის" ჩასვლამ ბელარუსში შეშფოთება გააჩინა ბელარუსის მოსაზღვრე პოლონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში. 23 ივლისს ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, რომ "ვაგნერელებს" სურთ "ექსკურსიაზე წასვლა ვარშავაში, ჟეშოვში". მოგვიანებით მან ამ განცხადებას ხუმრობა უწოდა. ამასთან, ლუკაშენკამ აღნიშნა, რომ ვაგნერელებს შესაძლოა, მართლაც ჰქონდეთ პოლონეთზე თავდასხმის გეგმები, მაგრამ ბელარუსის ხელისუფლება მათ ამაში ხელს უშლის.
პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა აძლიერებენ ბელარუსთან საზღვრებს, კეტავენ სასაზღვრო პუნქტების ნაწილს და ზრდიან იქ სამხედროების რაოდენობას.