ლიეტუვის ხელისუფლება ბელარუსის საზღვარზე ექვსი სასაზღვრო პუნქტიდან ორს კეტავს. ამ ქვეყნის მთავრობამ თავისი გადაწყვეტილება "გეოპოლიტიკური გარემოებებით" ახსნა. ეს გარემოებები შეიძლება ეხებოდეს ბელარუსში კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დაქირავებული მებრძოლების განლაგებას და არალეგალური მიგრაციის გაზრდის საფრთხეს.
ლიეტუვის საკონტროლო-გამშვები პუნქტები შუმკასი (ლოშა) და ტვერიაჩუსი (ვიძი) პარასკევს, 18 აგვისტოს, შეწყვეტენ მუშაობას. ლიეტუვის შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ განაცხადა, რომ მთავრობა თავდაცვის სხვა სცენარებსაც განიხილავს, მათ შორის ბელარუსთან საზღვრის სრულ ჩაკეტვასაც. მან აღნიშნა, რომ მსგავსი ნაბიჯი, საჭიროების შემთხვევაში, ბელარუსის მოსაზღვრე რეგიონის ყველა ქვეყანამ უნდა გადადგას - ლიეტუვამ, ლატვიამ და პოლონეთმა.
ბელარუსის სასაზღვრო კომიტეტის ხელმძღვანელმა ანტონ ბიჩკოვსკიმ ლიეტუვაში სასაზღვრო პუნქტების დაკეტვას "მორიგი არამეგობრული ნაბიჯი" უწოდა და ლიეტუვის ხელისუფლება დაადანაშაულა იმაში, რომ პოლიტიკური ამბიციების გამო ისინი "მიზანმიმართულად და განზრახ ქმნიან ხელოვნურ ბარიერებს საზღვარზე".
ლატვიაც იღებს ზომებს ბელარუსთან საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ლატვიის სასაზღვრო სამსახურმა გაძლიერებულ რეჟიმზე გადასვლის შესახებ განაცხადა. ბელარუსთან საზღვრის გასაძლიერებლად დამატებით დამცავ ობიექტებს დგამს პოლონეთიც და ზრდის სამხედროების რიცხვს.
მთავრობა შეშფოთებულია სასაზღვრო რეგიონში ასობით ვაგნერელის ჩასვლით, რომლებიც ბელარუსში მიიწვია ქვეყნის მმართველმა, რუსეთის მოკავშირე ალიაქსანდრ ლუკაშენკამ. "ვაგნერის" დაქირავებულმა მებრძოლებმა ბელარუსში ჩასვლა დაიწყეს ივნისის ბოლოს, რუსეთში აჯანყების მცდელობის შემდეგ.
ბელარუსის ხელისუფლების განცხადებით, ისინი ბელარუსის სამხედროებს გაწვრთნიან.
16 აგვისტოს გავრცელდა ცნობა, რომ ბელარუსში რეგისტრაციაში გატარდა კომპანია „გრუპა ვაგნერი“, როგორც საგანმანათლებლო ორგანიზაცია.
ვაგნერელები ბელარუსში მძიმე ჯავშანტექნიკის გარეშე ჩადიან. მათი მთავარი ბანაკი მოგილიოვის ოლქში მდებარეობს.
ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ ხუმრობა უწოდა თავის სიტყვებს იმის შესახებ, რომ ბელარუსში მყოფმა ვაგნერელებმა მას პოლონეთში "ექსკურსიაზე წასვლის" გეგმების შესახებ უამბეს. ამასთან, ლუკაშენკამ აღნიშნა, რომ ვაგნერელებს შესაძლოა, მართლაც ჰქონდეთ პოლონეთზე თავდასხმის გეგმები, მაგრამ ბელარუსის ხელისუფლება მათ ამაში ხელს უშლის.