Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი ყოფილი სამხედრო ტყვეები ტაგანროგის იზოლატორში წამებაზე ჰყვებიან


მავთულხლართები ტაგანროგის საგამოძიებო იზოლატორთან. 2022 წლის 6 ივლისი
მავთულხლართები ტაგანროგის საგამოძიებო იზოლატორთან. 2022 წლის 6 ივლისი

უკრაინელმა ყოფილმა სამხედრო ტყვეებმა ტაგანროგის № 2 იზოლატორში წამების შესახებ უამბეს "ბიბისის". ისინი ჰყვებიან, რომ სცემდნენ, ამცირებდნენ და საკმარის საკვებს არ აძლევდნენ.

"ბიბისი" ესაუბრა ათობით უკრაინელ სამხედრო ტყვეს - ქალებს და კაცებს, რომლებიც ტაგანროგის საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდნენ. მათი თქმით, ყოველდღიური შემოწმებისა და დაკითხვის დროს იზოლატორის თანამშრომლები სცემდნენ, მათ მიმართ იყენებდნენ ელექტროდენს, ემუქრებოდნენ, აშინებდნენ, რომ ცრუ აღიარებითი ჩვენებები მიეღოთ. წამების დროს დაშავებულებს არ უწევდნენ სათანადო სამედიცინო დახმარებას, ტყვეებს არ აძლევდნენ საკმარის საკვებს. ცნობილია, რომ წამების შედეგად, სულ მცირე, სამი ტყვე გარდაიცვალა, ერთმა კი თვითმკვლელობა სცადა.

სამხედრო ტყვეების მიმართ მსგავსი მოპყრობა, ისევე, როგორც მათი იზოლატორში ყოფნის ფაქტი, არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს. "ბიბისი" აღნიშნავს, რომ ვერ შეძლო დამოუკიდებლად გადაემოწმებინა სამხედრო ტყვეების მონათხრობი: რუსეთის ხელისუფლება არ უშვებს გარე - მათ შორის გაეროსა და "წითელი ჯვრის" დამკვირვებლებს - ტაგანროგის საგამოძიებო იზოლატორში, ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რამდენჯერმე უგულებელყო მოთხოვნა, გაეკეთებინა კომენტარი.

რუსეთი უარყოფს სამხედრო ტყვეების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტს. ამასთან, "ბიბისის" თანამოსაუბრეთა მონათხრობის დეტალებს სხვა სამხედრო ტყვეებიც ადასტურებენ. უკრაინის სახალხო დამცველი დმიტრო ლუბინეციც აღნიშნავს, რომ "ათი ყოფილი პატიმრიდან ცხრა" ამბობს რუსეთის ტყვეობაში წამებაზე.

მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების შესახებ მსგავსი მონაცემები მოჰყავს გაეროსაც თავის ივნისის ანგარიშში. მისი რესპონდენტების 90%-ზე მეტმა თქვა წამებისა და სასტიკი მოპყრობის შესახებ რუსეთის ტყვეობაში. რუსეთი უარყოფს მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების ფაქტს.

ამას გარდა, 2023 წლის ივლისში "უკრაინელებისთვის რუსული საპატიმროების ქსელის" შესახებ დაწერა Associated Press-მა. სააგენტო ესაუბრა ყოფილ ტყვეებს, რომლებმაც თქვეს, რომ აწამებდნენ, იმყოფებოდნენ ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ და აიძულებდნენ მონურ შრომას.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, ტყვეების გაცვლის პროცესში 2,5 ათასზე მეტი უკრაინელი გაათავისუფლეს. უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ათი ათასი კვლავ რჩება რუსეთის ტყვეობაში.

XS
SM
MD
LG