16 აგვისტოს ჩეხეთის რესპუბლიკამ დაასრულა თავდაცვის სფეროში აშშ-სთან გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიკაცია, რაც გააღრმავებს სამხედრო თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის და გაამარტივებს აშშ-ის ჯარების განთავსებას ჩეხეთის ტერიტორიაზე, - იტყობინება AP. მისი ცნობით, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას ხელმოწერა ბოლო ნაბიჯი იყო ამ შეთანხმების რატიფიკაციის პროცესში.
დოკუმენტი მანამდე მოიწონეს პარლამენტის ორივე პალატამ (ივლისში) და პრეზიდენტმა პეტრ პაველმა (1 აგვისტოს).
შეთანხმება ადგენს საკანონმდებლო ჩარჩოებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დროს ქვეყანაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებისთვის.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა იანა ჩერნოხოვამ აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან ერთად ხელშეკრულებას ხელი 23 მაისს მოაწერა ვაშინგტონში.
აშშ-ს მსგავსი შეთანხმებები აქვს ნატოს წევრ სხვა 24 ქვეყანასთანაც, მათ შორის პოლონეთთან, სლოვაკეთთან, უნგრეთთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან, რუმინეთთან და ბულგარეთთან, რომლებიც ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგს ქმნიან.
აშშ-ის ჯარის ნებისმიერ განთავსებას ჩეხეთის ტერიტორიაზე მაინც დასჭირდება ქვეყნის მთავრობისა და პარლამენტის თანხმობა.