Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიონის წყალსაცავში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო - ადგილზე სამაშველო სამსახური არ იყო


პარტია "ლელოს" წევრი ნიკა ჩერქეზიშვილი ავრცელებს ინფორმაციას თიანეთში, სიონის წყალსაცავში, 15 წლის მოზარდის დაღუპვის შესახებ. მისი ცნობით, მოზარდი 15 აგვისტოს დღის მეორე ნახევარში დაიხრჩო - იმ დროს, როცა უბედური შემთხვევა მოხდა, სიონის წყალსაცავთან არ იყო სამაშველო სამსახური, პოლიციას და სასწრაფო დახმარებას კი ადგილზე მისასვლელად 20-25 წუთი დასჭირდათ.

"სადაც ბევრი ხალხია ხოლმე დამსვენებელი, იქიდან დაახლოებით სამას მეტრში მოხდა ეს ამბავი. დავინახე, როგორ იხრჩობოდა, როგორ იქნევდა ხელ-ფეხს, გავრბოდი და ეს ყოფილა საშინელება, 4-5 წუთი დამჭირდა იქ მისასვლელად. ასეთ ადგილას, სადაც უამრავი ადამიანი შედის წყალში და რისკია, როგორ შეიძლება სამაშველო სამსახურები არ იყოს? 15-20 წუთში მოვიდა 112-ში დარეკვიდან პოლიცია და სასწრაფო, მაგრამ წყალში არავინ არ შესულა. იდგნენ ეს ადამიანები და ელოდებოდნენ. რომ ვკითხე, რას ელოდებით, რამე არ შეგვიძლია გავაკეთოთ, თბილისიდან ველოდებით ხალხსო. მერე უკვე ერთი საათის შემდეგ შემხვდნენ გზაში სირენებით სამაშველო სამსახური, როცა ოჯახი მომყავდა თბილისში.

ყველაზე მძიმე იყო ტანსაცმელი ნაპირზე დაკეცილი ამ 15 წლის ბავშვის. შევიდა წყალში და ვეღარ გამოვიდა", - ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი ფეისბუკის პირდაპირ ჩართვაში.

რადიო თავისუფლება მომხდართან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს, რომ ცხედარი უკვე ამოტანილია წყალსაცავიდან და დაგვიდასტურეს ის ფაქტიც, რომ მყვინთავი მაშველები შემთხვევის ადგილას თბილისიდან ჩავიდნენ.

სიონის წყალსაცავი, იმის მიუხედავად, რომ აქტიურად გამოიყენება საბანაოდ, ოფიციალურად არ არის საბანაო სივრცედ მიჩნეული. წყალსაცავის სიახლოვეს ბანაობის ამკრძალავი ნიშნები არ არის და არც არავინ ზღუდავს იქ დამსვენებლების და ადგილობრივების ჩასვლას საბანაოდ.

XS
SM
MD
LG