2016 წელს რუსეთის ელჩის, ანდრეი კარლოვის, ანკარაში მკვლელობის საქმეზე თურქეთის სპეცსამსახურებმა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Hurriyet-ი იტყობინება. ამავე ინფორმაციით, ეჭვმიტანილი არის მეგობარი ყოფილი პოლიციელის, მევლუთ ალტინტასისა, რომელმაც კარლოვს ესროლა და თავადაც დანაშაულის ადგილზე დაიღუპა.
გამოცემის თანამოსაუბრეებმა განაცხადეს, რომ დაკავებული აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი სასულიერო პირის, ფეთულა გიულენის ორგანიზაცია FETO-ს მხარდამჭერია. ორგანიზაცია თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა არ სახელდება. ცნობილია, რომ ის სტამბოლში დააკავეს.
თურქეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი ანდრეი კარლოვი 2016 წლის დეკემბერში ანკარაში მოკლეს გამოფენის -"რუსეთი თურქების თვალით" - გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
კარლოვს ფოტოგამოფენაზე 22 წლის თურქმა პოლიციელმა, მევლუთ ალტინტაშმა ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. სროლის დროს პოლიციელი ყვიროდა, რომ სირიის ქალაქ ალეპოში ხალხის დახოცვაზე რუსეთია პასუხისმგებელი. ალტინტაში პოლიციელებმა ადგილზე მოკლეს.
კარლოვის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა 2021 წლის მარტში. სასამართლომ ხუთ მსჯავრდადებულს - სამუდამო, რვას კი ხუთიდან 15 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. ექვსი ბრალდებული გაამართლეს. დანარჩენი ეჭვმიტანილების საქმეები ცალკე პროცესებად გაიყო.