Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში სამი ბულგარელი დააკავეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით


რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დიდ ბრიტანეთში ბულგარეთის სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. საქმე განიხილება ლონდონის "ძველი ბეილის" ცენტრალური სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ, რომლის პირველი სხდომა 2024 წლის იანვარში გაიმართება.

ბრიტანული მედიის ცნობით, 45 წლის ორლინ რუსევი, 41 წლის ბისერ ჯამბაზოვი და 31 წლის კატრინ ივანოვა დიდ ბრიტანეთში დიდი ხანია ცხოვრობენ. ეჭვმიტანილები თებერვალში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბულგარეთის მოქალაქეები რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მუშაობდნენ. დაკავებულებს ერთბაშად რამდენიმე ქვეყნის: დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ხორვატიის, სლოვენიის, საბერძნეთისა და ჩეხეთის მოქალაქეების პასპორტები აღმოაჩნდათ.

„ბიბისის“ თანახმად, ორლინ რუსევი დიდ ბრიტანეთში 2009 წლიდან ცხოვრობს. მუშაობდა ფინანსური მომსახურების სექტორში, ასევე ჰქონდა ბიზნესი რუსეთში. თავად რუსევი ირწმუნება, რომ ოდესღაც მუშაობდა მრჩევლად ბულგარეთის ენერგეტიკის სამინისტროში.

ლონდონში ბულგარეთის საელჩომ რადიო თავისუფლების ბულგარეთის სამსახურის თხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომ დიპლომატიურ მისიას არ აქვს ინფორმაცია ბულგარეთის მოქალაქეების დაკავების შესახებ. "ჩვენი საელჩო და საკონსულო სამსახური არ იყვნენ ინფორმირებული ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ასეთი სახელების მქონე ადამიანების დაკავებაზე", - განუცხადა ელჩმა მარინ რაიკოვმა ჟურნალისტებს. ბულგარელი დიპლომატის თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ შეიძლება, არ აცნობოს უცხოურ საელჩოებს მომხდარის შესახებ, თუ დაკავებულები ამას ითხოვენ.

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უწყება ამ საქმეს ჯერ კიდევ სწავლობს.

XS
SM
MD
LG