კიდევ 5 დაღუპულის ცხედარი ნახეს ნანგრევების გაწმენდისას დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, სადაც 14 აგვისტოს ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 35 ადამიანი. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია შეიცვალა - რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო მანამდე ამბობდა, რომ დაღუპულია - 30, დაშავებული კი - 80 ადამიანი.
ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქება გუშინ, 14 აგვისტოს, მოხდა. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, აფეთქებას წინ უძღოდა ხანძარი.
დაღუპულთა ოჯახის წევრებს სახელმწიფო 1 მლნ რუბლის ოდენობის კომპენსაციას დაჰპირდა, დაშავებულთა ოჯახის წევრებს კი - 400 ათას რუბლს.
მომხდარზე, რომლის შედეგად დაიღუპნენ ადამიანები და დაიწვა 500 კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია უსაფრთხოების მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობით მომსახურების გაწევის ფაქტზე.
დაღესტნის მთელ ტერიტორიაზე გამოცხადებულია გლოვის დღე, დაშვებულია დროშები.