Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციაზე, სადაც შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, პოლიციამ დემონსტრანტები დააკავა


მასალა განახლებულია: მასში გამოქვეყნების შემდეგ არის შეტანილი შსს-სგან მიღებული ინფორმაცია დაკავებულების შესახებ.

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა - აქციის მოთხოვნა შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თანამდებობიდან გადადგომა იყო. აქციის მონაწილეები არასაკმარისად მიიჩნევენ ხელისუფლების ძალისხმევას შოვის ღვარცოფში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად და უკმაყოფილებას გამოხატავენ მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებების გამო.

ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ სტიქიის ღამეს, 3 აგვისტოს, ვერტმფრენი, - რომელიც სტიქიის ზონაში ჩავიდა 112-ში პირველი შეტყობინებიდან თითქმის სამი საათის შემდეგ, - დროულად მივიდა ღვარცოფში მოყოლილებთან. ხელისუფლება ასევე ცდილობს იმის ხაზგასმას, რომ აღარ არსებობდა ვერტმფრენის მუშაობის საჭიროება შოვიდან 70 კაცის ევაკუაციის შემდეგ, ღამით, როცა უკვე ცნობილი იყო, რომ ღვარცოფის მოვარდნის შემდეგ რამდენიმე ადამიანთან კავშირი გაწყდა.

აქციაზე, რომელიც საღამოს 9 საათზე დაიწყო, რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დააკავეს სოფი მესხი და კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი. დემონსტრანტებს წაართვეს საპროტესტო ბანერები, მათ შორის წარწერით: "ირა*ლი." შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, დაკავებიდან 2 საათში. მათი დაკავების საფუძველი გახდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობა.

აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან
აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან

ღვარცოფი რაჭაში, რომელსაც ამ დროის მონაცემებით 25 ადამიანი ემსხვერპლა, კურორტ შოვში 3 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათისთვის მოვარდა. სახელმწიფო უწყებებს არ გამოუქვეყნებიათ ინფორმაცია გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ.

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, იდენტიფიცირებულია 24 გარდაცვლილი და მაშველები ეძებენ კიდევ 8 ადამიანს.

XS
SM
MD
LG