Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გაყინული აქტივები გახსნა ირანში მსჯავრდებული ხუთი ამერიკელის გათავისუფლებისთვის


მარცხნიდან: სიამაკ ნამაზი, მორად თაჰბაზი, ემად შარღი. (კოლაჟი)
მარცხნიდან: სიამაკ ნამაზი, მორად თაჰბაზი, ემად შარღი. (კოლაჟი)

შეერთებულმა შტატებმა სამხრეთ კორეაში თეირანის 6-7 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული აქტივები გამოათავისუფლა ირანში მსჯავრდებული ხუთი ამერიკელის გათავისუფლების სანაცვლოდ.

ირანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა მოჰამედ რეზა ფარზინმა შაბათს განაცხადა, რომ თანხა გადაირიცხება ირანულ საბანკო ანგარიშებზე კატარში და დაიხარჯება საქონელზე, რომელიც არ არის სანქციების სიაში, იტყობინება რადიო თავისუფლების ირანული სამსახური. თანხაში შესაძლო სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ აქტივები გაყინულია სამხრეთკორეულ ვონებში და სხვა ვალუტაში გადაყვანილ იქნება ჯერჯერობით უცნობი კურსით, აღნიშნავს Times of Israel-ი.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ პარასკევს განაცხადა, რომ ვაშინგტონმა განბლოკილი თანხების დახარჯვა დაუშვა მხოლოდ საკვებზე, მედიკამენტებსა და სამედიცინო აღჭურვილობაზე, რომელიც არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამხედრო პროგრამებში.

ამერიკელების გათავისუფლებისა და გადაყვანის პროცესი ჯერ არ დასრულებულა და, როგორც ადრე იუწყებოდნენ, დასრულდება სექტემბრის შუა რიცხვებამდე ან სექტემბრის ბოლომდე. იმ ხუთიდან, ვისაც ათავისუფლებენ, მხოლოდ სამის ვინაობაა ცნობილი.

ესენი არიან ბიზნესმენები სიამაკ ნამაზი, ემად შარღი და გარემოს დამცველი მორად თაჰბაზი. ყოველ მათგანს ათი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი უცხო სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ან ჯაშუშობის ბრალდებით. მათი ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ისინი უდანაშაულო არიან. კიდევ ერთი პატიმრის შესახებ ცნობილია, რომ ის ქალია.

The New York Times-ი აღნიშნავს, რომ აქტივების განბლოკვის შესახებ თეთრი სახლის გადაწყვეტილებას აქტიურად აკრიტიკებს რესპუბლიკური პარტია. აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, რომელმაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა, ვაშინგტონსა და თეირანს შორის შეთანხმებას „ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდი გამოსყიდვა“ უწოდა.

„ირანი ამ ფულს იყენებს რუსეთისთვის დრონების საწარმოებლად და ტერორიზმის დასაფინანსებლად აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ. ჩინეთმა და რუსეთმა, რომლებსაც ჯერაც ჰყავთ ამერიკელი მძევლები, ახლა იციან მათი ფასი“, - წერს პოლიტიკოსი ტვიტერში.

XS
SM
MD
LG