Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოვში დაღუპულთა შორის 23 წლის სოფო ბაკურაძე ამოიცნეს


რაჭაში, კურორტ შოვში დამანგრეველი ღვარცოფის შედეგად დაღუპულთა შორის ამოიცნეს 23 წლის სოფო ბაკურაძე.

როგორც ახლობლებმა უთხრეს ჟურნალისტებს, სოფო წელს, ისევე როგორც ყოველ ზაფხულს, დამლაგებლად მუშაობდა შოვში. ისე კი ბაკურაძე სოფელ გლოლაში ცხოვრობდა მშობლებთან, ძმასთან და 4 წლის შვილთან ერთად.

„3 აგვისტოს დილით რომ წავიდა და ჩაეხუტა ბავშვს, იმის მერე არ გვინახავს, - ამბობს ოჯახის ახლობელი და ამატებს, - ბავშვი ონშია... ისევ სჯერა, რომ დედამისი წასულია კევზე ან კანფეტზე და მოუტანს“.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასებით, 2023 წლის 3 აგვისტოს მყინვარზე კლდეზვავური მასა ჩამოიშალა, რის შემდეგაც, შესაძლოა, მყინვარის ქვეშ დაგუბებულმა წყლებმა გამოხეთქა. ნაკადი დიდი სიჩქარით დაიძრა, მდინარე ბუბისწყლის კალაპოტის ორივე მხარეს გამორეცხა ფერდობების ძირი და შეიერთა დამატებითი მეწყრული სხეულები.

საბოლოოდ ეს მასა მძლავრ ტალახ-ქვიან ღვარცოფულ ნაკადად იქცა და ჩასახვა-გააქტიურების ზონიდან, ასე 8-10 წუთში, დაახლოებით 15:15 საათზე, დაარტყა შოვს. ღვარცოფულმა მასამ 26 ჰექტარი ტერიტორია დაფარა.

ოფიციალური ინფორმაციით, იდენტიფიცირებულია 24 გარდაცვლილი. მაშველები კიდევ 9 ადამიანს ეძებენ. მაშველებმა უკვე შეამოწმეს ტერიტორიის 60%. სამძებრო არეალი გაფართოვდა და მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზეა გადანაწილებული.

XS
SM
MD
LG